თიანეთის ქვაბული — ივრის ხეობის გაფართოებული მონაკვეთი თიანეთის მიდამოებში. შემოსაზღვრულია კახეთისა (აღმ-ით) და ქართლის (დას-ით) ქედებითა და მათი შტოქედებით, რომლებიც ვრცელდება ზღვის დონიდან 1060 მ-იდან 1700 მ-მდე. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, აგებულია ალუვიურ-პროლუვიური მასალით, რომლის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს უდრის. ვაკე მიუყვება მდინარე იორს და მის შენაკადებს – ქუსნოსა და საგამს. თიანეთთან ქვაბულის ფსკერის სიგრძეა 17 კმ სიგანე – 3–5 კმ. თიანეთის ქვაბულის ფერდობები აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით; დანაწევრებულია ხევებით. თიანეთის ქვაბული მთლიანად შემოსილი იყო შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. ქვაბულის ფსკერი კულტურულ მცენარეულობას უჭირავს. ადგილ-ადგილ გვხვდება მეორეული მდელო-ბუჩქნარი.

ლიტერატურა

რედაქტირება