გიორგი ჩანგაშვილი

გიორგი ჩანგაშვილი (დ. 1 იანვარი, 1919, ხოდაშენი, ახმეტის რაიონი — გ. ოქტომბერი, 2005) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955). ომისა და შრომის ვეტერანი, ხოდაშნის ს/კ სტაციონარის ხელმძღვანელი.

გიორგი ჩანგაშვილი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1919(1919-01-01)
გარდ. თარიღი ოქტომბერი, 2005 (86 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ჩანგაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მდივნის თანამდებობაზე; 1951–54 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით; 1956 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1977-1980 წლებში იყო თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1990 წლებში თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ლაბორატორიის გამგე, შემდეგ იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კახეთის სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების ექსპერიმენტული სტაციონარის ხელმძღვანელი.[1]

გიორგი ჩანგაშვილმა საკანდიდატო დისეტაცია დაიცვა 1955 წელს თემაზე: „მდ. ალაზნის აუზის მარჯვენა მხარის გეომორფოლოგია (სოფ. ბაკურციხის ზემოთ)“. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია უხვი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ველზე კვლევის შედეგად შეაგროვა. მთავარი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე გეომორფოლოგიურ პროცესებზე, განსაკუთრებულ სტიქიურ მოვლენებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე. შესრულებული აქვს 102 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 70 გამოქვეყნებულია და 40 სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი (ჟურნალ-გაზეთებში).[1]

გიორგი ჩანგაშვილის ბევრი წინადადება და რეკომენდაცია დაინერგა სახალხო მეურნეობასა და საპროექტო დაწესებულებებში, მათ შორის, გვერდითი ეროზიით წაღებული მიწების აღდგენის შესახებ (წინანდლის დენდროლოგიური პარკი). მუშაობდა სტიქიურ გეომორფოლოგიურ პროცესებსა და გეოეკოლოგიაზე.[1]

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ გეოგრაფიის ინსტიტუტის საპატიო სიგელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). 2000 წელს გადაეცა ღირსების მედალი.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საინგილო: გეოგრაფიულ-ისტორიული ნარკვევი. თბ., მეცნიერება, 1970;
  • ღვარცოფული პროცესები შიგნით კახეთში და მათთან ბრძოლის ღონისძიებები. თბ., მეცნიერება, 1983.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003