თიანეთის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — თიანეთი.

1846 წლის 14 დეკემბერს ახლადშექმნილი ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი[1]. 1859 წლის 19 ივნისს ოკრუგი გარდაიქმნა თიანეთის ოკრუგად[2], ხოლო 1874 წლის 3 ნოემბერს თიანეთის მაზრად[3]. თიანეთის მაზრა თავისი ბუნებრივი მდებარეობის გამო მთისა და ბარის ნაწილებად იყოფოდა და მისი მთიანი ნაწილი მაზრის ადმინისტრაციისათვის ნაკლებად მისაწვდომი იყო, განსაკუთრებით – ზამთარში. ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ თიანეთის მაზრის მთიანი ნაწილი მაზრის უფროსის მმართველობის სფეროში არ შედიოდა.

თბილისის გუბერნატორის შუამდგომლობით კავკასიის მეფისნაცვალმა გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და 1880 წლის 17 ნოემბერს თიანეთის მაზრის მთიანი ზოლისაგან ჩამოყალიბდა თიანეთის საპრისტავო (ოფიციალურად გაიხსნა 1881 წ. 1 თებერვალს), რომელიც მაზრის შემადგენლობაში შედიოდა.

თიანეთის მაზრას თბილისის გუბერნიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ეჭირა, კავკასიონის ორივე ქედის კალთებზე მდებარეობდა და ფშავისა და ხევსურეთის არაგვის, ივრისა და ალაზნის ზემო წელის, თუშეთის ალაზნის, არღუნისა და ასის სათავეთა წყლების აუზს მოიცავდა. თიანეთის მაზრა სამ უბნად იყოფოდა: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ერწოს. თუშეთ-კახეთის უბნის ცენტრი ახმეტა იყო, ერწოს უბნის მსაჯულის ადგილსამყოფელი სოფ. ღულელებში იყო ფშავ-ხევსურეთისა – ბარისახოში. თიანეთის მაზრას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა დაღესტნის ოლქი და თელავის მაზრა რომელთა შორის გამყოფი სასაზღვრო ხაზი კავკასიონის მთავარ ქედსა და მისი სამხრეთ-დასავლეთ განშტოების – დიდგვერდ-ნაქერალას მთაგრეხილს გასდევდა; სამხრეთით – თბილისის მაზრა რომლისგანაც ქართლის ქედის აღმოსავლეთი განშტოებითა და გომბორის ქედით გამოიყოფოდა; დასავლეთით – დუშეთის მაზრა მათ შორის გამყოფი ხაზი გუდამაყრის, ქართლისა და ცხვარიჭამიას ქედებს გასდევდა; ჩრდილოეთით, კავკასიონის გვერდითი ქედის გაყოლებით, თერგის ოლქი საზღვრავდა. თიანეთის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXI, указ 20701, ст. 647
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 34641, ст. 588-590
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIX, указ 54010, ст. 353