ფშავის არაგვი
ფშავის არაგვი, (თეთრი არაგვი — ისტორიულ წყაროებში) — მდინარე თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 მ-ზე. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 946 კმ2. ჟინვალთან ერთვის არაგვს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობა — სექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერში — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კმ3/წმ.
ფშავის არაგვი | |
---|---|
![]() | |
სათავე | 2895 მ. |
სიგრძე | 56 კმ |
![]() |
ფშავის მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. იგი სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმოადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობით ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.
ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიულეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.
არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17°С-ს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 მ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.
ისტორიული წყაროებირედაქტირება
ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში „საქართველოს გეოგრაფია“ ფშავის არაგვს ბორბალოდან ჟინვალამდე უწოდებს „თეთრ არაგვს“, ხოლო მთიულეთის არაგვს კი „შავ არაგვს“.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 436.