დიდი ბორბალო
დიდი ბორბალო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეშე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე 3294 მ. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები — დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები — ცირკები და კარები — მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია.
დიდი ბორბალო | |
---|---|
კოორდინატები: 42°25′13″ ჩ. გ. 45°13′01″ ა. გ. / 42.42028° ჩ. გ. 45.21694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3294 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), ფშავის არაგვის (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც — კავკასიური დეკა და ღვია (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე).
დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდინარე ანდაქის აუზი).
ლიტერატურარედაქტირება
- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 463.