კახელების ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

კახელების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ციხე-დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 0,5 კილომეტრზე. თბილისი-თელავის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს - ტყიანი მთის აღმოსავლეთ კალთაზე. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (6,25X4,65 მეტრზე), ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთით და ერთადერთი შესასვლელით სამხრეთიდან. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის თანადროული, სწორკუთხა გეგმის (გარეთა ზომები: სიგრძე - 3,8 მეტრი, სიგანე - 3, 1 მეტრი), ნაგებობა, რომელსაც ეკელსიას აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში გაჭრილი გასასვლელით უკავშირდება. ეკლესიისა და ნაგებობის კედლები ერთმანეთს წყობით არ უკავშირდება.

ეკლესიაც და მინაშენიც ერთგვარი საშენი მასალით - სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის დუღაბითაა ნაგები. წყობაში, ალაგ-ალაგ, ჩატანებულია, საკმაოდ მოზრდილი ქვები, რომლებიც ფეხზეა დაყენებული და ზედაპირით ფასადის მხარეს არის მოქცეული. წყობა ირეგულარულია.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანდაა ჩამონგრეული ეკლესიის გადახურვა, დანაგრეულია აფისიდის და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, მონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ბოლო, დასავლეთ კედელი შვეული მდგომარეობიდან დაძრულია და გადახრილია. ინტერიერი, დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, ამოვსებულია ჩამონაშალი ქვებითა და მიწით; მინაშენიდან მხოლოდ სამხრეთ კედელიღა დგას (სიმაღლე - 1,2 მეტრი). დანრჩენი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, თითქმის მიწის პირამდეა დანგრეული.

ეკლესიის შესასვლელიდან მხოლოდ აღმოსავლეთ წირთხლის ნაწილიღაა შემორჩენილი. დარბაზი გეგმით თითქმის კვადრატულია (სიგრძე - 2,9 მეტრი, სიგანე - 3,1 მეტრი). აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომელსაც ზედა ნაწილი ჩამოშლილი აქვს. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომელსაც ზედა ნაწილი ჩამოშლილი აქვს. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის კვადრატული ნიშაა, მის ზემოთ კი - ოთკუთხა, სათოფურის მსგავსი ღიობი. მინაშენში გასასვლელი ვიწროა (სიგრძე - 1,50. სიგანე - 0,55 მეტრი). გადახურვა მას ჩამოშლილი აქვს. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარში მცირე ზომის, კვადრატული ნიშაა. დასავლეთ კედლის შუაში კი - მცირე ზომის, ოთხკუთხა სარკმელი.

მინაშენი, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. იგი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოზეა მიდგმული ისე, რომ მისი დიდი ნაწილი ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ხაზზს გარეთაა გასული (დაახლოებით 2 მეტრით). მინაშენბის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია მოწყობილი. კარის აღმოსავლეთ წირთხლი მოგვიანებითაა განახლებული. მის წყობაში აგურის რამდნეიმენატეხია ჩართული. აღმოსავლეთ კედლის შუაში სარკმლის ძირის ნაშთია, სამხრეთ კედლზე კი მოხატულობის ფრაგმენტი.

ეკლესიის სამხერეთ-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე, ნაგებობების კვალია, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზედაპირულად აიკრიფა აგურის ნატეხები და წყალსადენის კერამიკული მილების ფრაგმენტები.

ლიტერატურარედაქტირება