ხუნანი (ქალაქი)
ხუნანი, გარდაბანი, მტვერის-ციხე, თურაბის-ციხე, მტკვრის-ციხე, კუპრიკენტი — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.
მდებარეობა
რედაქტირებაისტორიული წყაროები
რედაქტირებაქალაქი ხუნანი ისტორიული ქართლის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი იყო, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მდებარეობდა მდინარეების ხრამისა და მტკვრის შესართავში.
„და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა[1].“
|
სხვა ვერსიები
რედაქტირებამდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე თაუზჩაის ჩრდილო-აღმოსავლეთით თოფრაქყალის მთასთან (აზერბაიჯანი თოფრაქყალა — ალიზით ნაგები ციხე).
ისტორია
რედაქტირებააშენდა ქართლოსის მიერ და დაერქვა სახელად ხუნანი.
„შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი[1].“
|
პლატონ იოსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც ხუნანი გარდაბოსის სამფლობელოს რეზიდენცია გახდა, დაერქვა მისი სახელი — გარდაბანი[2].
„გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკვარი[1].“
|
ფარნავაზ მეფის დროს ხუნანის ციხე-ქალაქი გადაიქცა ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.
735-737 წლებში, ქართლში მურვან ყრუს შემოჭრის შედეგად ქალაქი არაბებმა დაარბიეს და იქ არაბთა გარნიზონი განთავსდა. არაბთა მიერ თბილისის საამიროს (736) დაარსების შემდეგ ხუნანის ამირა თბილისის ამირას დაემორჩლა, რომელიც ფაქტობრივად ქართლის გამგებელი იყო.[3]
1121 წლის მარტში დავით აღმაშენებელი დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომ აღარავინ დარჩა „მთხრობი ამბისა“.[3] საქართველოს სამეფოს ფარგლებში იგი ერთ-ერთ დაწინაურებულ ქალაქად ითვლებოდა.
XII საუკუნის არაბი ისტორიკოსის და გეოგრაფის ალ-ჰამავი იაკუთის ცნობით ის არის:
„ქალაქი ჯურზანის ქვეყანაში. ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ დაპყრობილი. ამბობს ალ-ისტარხი: ხუნანი არის ციხე ცნობილი თურაბის ციხის სახელით, რადგან იგი მდებარეობს დიდ ბორცვზე.[4]“
|
1640 წელს როსტომ მეფის მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. 1673 წელს შარდენს უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა როგორც კუპრიკენტი (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს[5].
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955
- ↑ П. Иоселиани, «Города, существовавшие и существующие в Грузии» 1850. გვ. 39-40
- ↑ 3.0 3.1 Ლორთქიფანიძე, Მარიამ; Მეტრეველი, Როინ; Მუსხელიშვილი, Დავით (2012). საქართველოს ისტორია : 4 ტომად : ტომი II. თბილისი : პალიტრა L, გვ. 174, 306. ISBN 978-9941-19-406-1.
- ↑ „ჲაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ - ნაკვ. I - ეთერ სიხარულიძის თარგმანი - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წ. VII - თბ. - 1964 გვ. 52
- ↑ "Voyage en Georgie", p. 249