ხუნანის საერისთავო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნანი.

ხუნანის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული იბერიის სამეფოში. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნის 80-70-იან წლებში ჩნდება — ქართლის ცხოვრების თანახმად — ის იყო ერთ-ერთი ფარნავაზ I-ის მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.[1] საერისთავოს ცენტრი იყო ხუნანი. მდებარეობდა მტკვრის სამხრეთით. მოიცავდა ალგეთის ხეობას.[2] გარდაბანი/ხუნანი და სამშვილდე/გაჩიანი ერთად ქმნიდნენ ქვემო ქართლის პროვინციას, რომელსაც ხშირად ტაშირსაც უწოდებდნენ. სომხური გეოგრაფიის — აშხარჰაცუიცის თანახმად საერისთავო მოიცავდა: პარუარს (თბილისის შემოგარენი), მანგლიაცფორს (მანგლისისხევი) და ხუნანს.[2] ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად მდინარე ბერდუჯი ხუნანი საერისთავოსა და ამასთანავე იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. ლეონტი მროველის - მეფეთა ცხოვრების თანახმად მირიან მეფემ ფეროზს მისცა „ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერის-თავად მუნ“. შემდეგ ბაქარ მირიანის ძემ „გაუცვალა ქვეყანა... რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“. ჯუანშერ ჯუანშერიანის თანახმად V საუკუნეში მეფე ვახტანგ I გორგასლის დროს ხუნანის ერისთავად იხსენიება ნერსარანი. 485 წლის შედეგ ვახტანგ მეფემ აგარაკთან (ვახუშტის თანახმად თანამედროვე ახტალა[3]) ხუნანის საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა. 505/506 წლის სომხურ წყაროებში ხუნანის ეპისკოპოსი იბერიის ერთ-ერთი პრელატია.[4] ხუნანის საერისთავო სამშვილდისა და კახეთის საერისთავოსთან ერთად იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საერისთავოებს წარმოადგენდა.

იბერიის სამეფოს საერისთავოები ფარნავაზ I-ის ეპოქაში.

მოგვიანებით საერისთავოს ტერიტორია არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. თბილისის საამიროს (736) დაარსების შემდეგ ხუნანის ამირა თბილისის ამირას დაემორჩლა, რომელიც ფაქტობრივად ქართლის გამგებელი იყო.[5] გარდაბნელები აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის სამთავროს შიდა პოლიტიკაში, რასაც მოწმობს დონაურების მიერ კახეთის სამთავროში ძალაუფლების მოპოვება. კახეთის სამთავრო უშუალოდ კახეთის გარდა, მოიცავდა გარდაბანს და კუხეთს. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია გაგის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თსუ. თბილისი. 
  • Hewsen, Robert H. (1992) The Geography of Ananias of Širak. Wiesbaden: Ludwig Reichert Verlag. 
  • Cyril Toumanoff (1963). „The Armeno-Georgian Marchlands“, Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press. 
  1. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“. თავი მესამე.
  2. 2.0 2.1 Hewsen 1992, pp. 202.
  3. აღწერა აწინდელისა ქართლისა - Wikisource.
  4. Toumanoff 1963, pp. 482.
  5. ლორთქიფანიძე, მარიამ; მეტრეველი, როინ; მუსხელიშვილი, დავით (2012). საქართველოს ისტორია : 4 ტომად : ტომი II. თბილისი : პალიტრა L, გვ. 174, 306. ISBN 978-9941-19-406-1.