დებედა
მდინარე სომხეთსა და საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან მდინარე ბერდუჯი)
დებედა (სომხ. Դեբեդ [დებედ]), ბერდუჯი, საგიმი — მდინარე საქართველოსა და სომხეთში. სათავეს იღებს სომხეთში, ლორეს პროვინციაში, ჯავახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2090 მ სიმაღლეზე, მდინარეების — ფამბაკისა და ძორაგეტის გაერთიანების შედეგად.
დებედა სომხ. Դեբեդ | |
---|---|
სხვა სახელი | ბერდუჯი, საგიმი |
ქვეყანა |
საქართველო სომხეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
ქვემო ქართლის მხარე ლორეს პროვინცია |
სათავე |
ჯავახეთის ქედი 40°57′26″ ჩ. გ. 44°37′57″ ა. გ. / 40.95722° ჩ. გ. 44.63250° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | სომხეთი |
სათავის სიმაღლე | 2090 მ |
შესართავი |
ხრამი 41°22′33″ ჩ. გ. 44°57′56″ ა. გ. / 41.37583° ჩ. გ. 44.96556° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საქართველო |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 4100 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 29,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
დებედა ვიკისაწყობში |
საქართველოს ტერიტორიაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიდამოებში გამოდის და მარჯვნიდან ერთვის მდინარე ხრამს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 4,1 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და შემოდგომაზე. საშუალი წლიური ხარჯი სოფ. სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. დებედიდან გაყვანილია ლამბალოს, სადახლოს და სხვა არხები.
ისტორიული წყაროები
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილი მდინარე დებედას ასე აღწერს:
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს, (არამედ სახელითა იწოდების სამითა: პირველი ბერდუჯი, მეორე — საგიმი, მესამე — დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, არამედ საგიმს ვგონებ ინჯას ანუ აღისტევს). არს ესე მდინარე სარგებლიანი მუნ, სადაცა იწყებს დინებასა ჩრდილოთ კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობ ორაგული, ლოქო, ჭანარი, კობრი, კაპოეტი და წვრილი თევზი სხვადასხვა გვარნი მრავალნი. და სად აღმოსავლეთად დის, მუნ არს კალმახთა სიმრავლე, დიდთა და წვრილთა, არამედ თევზნი ამისნი არა ეგდენ გემოიანნი, ვითარცა სხვათა მდინარეთანი. კვალათ აღმოიღებენ რუთა და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა, ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთვის იწოდა: „დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი“, ხოლო აწ დებედა[1].“
|
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 345.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40