მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში
მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობა სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას.
მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.
ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.
შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა“ (მაშინდელი საზღვარი ბიზანტიის სამფლობელოებსა და საქართველოს შორის), დაიპყრო ცხუმი (ახლანდელი სოხუმი) და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აფხაზეთის მთავარი ლეონი გამაგრებული იყო სობღის ციხესიმაგრეში (ოსეთში გადასასვლელ გზაზე) და მურვანმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. ამას დაერთო სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა და სხვა), რომელთაც დიდად დააზარალეს არაბთა ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია.
მურვანის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო ქართველმა ხალხმა მას „ყრუ“ შეარქვა. მურვანის შემოსევას მძიმე შედეგი მოჰყვა. „იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლადვე“ (ჯუანშერი). ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავისი მოხელე — ამირა დანიშნეს. ამის შემდეგ არაბებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ მოეწყოთ ლაშქრობები და მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე კმაყოფილდებოდნენ იმ ხარკით, რომელსაც მათ ქართლის ერისთავი უგზავნიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- ხანთაძე შ., ქსე, ტ. 7, გვ. 199, თბ., 1984