დავით გარეჯელი

ქართველი წმინდანი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.

დავით გარეჯელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხსენების დღე — ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი). გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

დავით გარეჯელი

დავით გარეჯელი XIV საუკუნის სინას მთის ხატიდან.
დაიბადა VI საუკუნე
გარდაიცვალა 604
მოღვაწეობა ბერი

ცხოვრება

რედაქტირება

დავით გარეჯელი VI საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული იოანე ზედაზნელის თორმეტ მოწაფეთაგანი იყო. მისი ოჯახისა და წარმომავლობის შესახებ საეკლესიო ისტორიამ ცნობები არ შემოგვინახა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამა დავითი სიყრმის ასაკიდან დაემოწაფა იოანე ზედაზნელს. როდესაც მამა იოანე საქართველოსკენ გამოეშურა სამოღვაწეოდ, მან თავის მრავალრიცხოვანი მოწაფეთაგან 12 ყველაზე ღირსეული გამოარჩია და მცხეთაში ჩამოვიდა.

მამებმა მცხეთის სიწმინდეები მოილოცეს და სამოღვაწეოდ მცხეთის ჩრდილოეთით, ზედაზნის მთა აირჩიეს. გარკვეული ხნის შემდეგ, იოანე ზედაზნელმა მოწაფეებს უბრძანა, თითოეული მათგანი სხვადასხვა ადგილას უფლის სახარების საქადაგებლად წასულიყო. მამა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად პირველად თბილისის დასავლეთ მთაზე მცირე გამოქვაბულში დამკვიდრდა. ამ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანიმცემლებს ჰქონდათ დაპყრობილი. ყოველ კვირა დღეს დავით გარეჯელი ლუკიანესთან ერთად თბილისში ჩამოდიოდა. ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მან მრავალი ადამიანი მიიზიდა დაქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამის გამო შეწუხებული ცეცხლთაყვანისმცემლები და მათი მსახურები ხვდებოდნენ, რომ ძალა აღარშესწევდათ წმინდა მამა ქალაქიდან გაეძევებინათ. ამიტომ ცეცხლის მსახურებმა გადაწყვიტეს მოესყიდათ მეძავი დედაკაცი, რომელსაც დავით გარეჯელისთვის მისთვის მრუშობა უნდა დაებრალებინა.

ერთ კვირა დღეს, როცა მამადავითი ქალაქში საქადაგებლად იყო ჩამოსული, მას ცეცხლის მსახურებმა მეძავი ქალი წაუყენეს, რომელიც ხალხს უმტკიცებდა რომ ნაყოფი რომელსაც ის მუცლით ატარებდა წმინდა მამისაგან იყო. მაშინ მამა დავითმა ქალის მუცელს კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, თუ მე ვარ მამაჲ შენი“. მუცელში მყოფმა ჩვილმა სასწაულებრივად ამხილა დედა, რომ მამამისი არა მამა დავითი, არამედ ვინმე მჭედელი იყო. ასეთი ცილისწამების გამო ხალხი აღშფოთდა და მეძავი ქალი ქვებით ჩაქოლა. მოგვიანებით აღნიშნულ ადგილას ქაშვეთის ეკლესია ააგეს. ამის შემდეგ დავით გარეჯელმა მიატოვა თბილისი და სამუდამოდ ყარაიას ველზე მდებარე უდაბნოში დამკვიდრდა.

მამა დავითი და ლუკიანე ყარაიას ველზე უწყო ად მკაცრ უდაბნოს მიადგნენ. გზაზე დაღლილმა და დაუძლურებულებმა, უდაბნოს დასავლეთით კლდის ნაპრალებიდან წვიმის წვეთებით მოგროვებულ მცირე წყალს მიაგნეს და წყურვილი მოიკლეს, და იქვე, ერთ-ერთი გახეთქილი კლდის ქვეშ შეისვენეს. საბოლოოდ აღნიშნული ადგილი აირჩიეს სამოღვაწეოდ. მონასტერში დროდადრო სამი ირემი მოდიოდა, რომელსაც ლუკიანე მამა დავითის კურთხევით წველიდა და მისგან ყველს ხდიდნენ. ირმის მოწველის ეპიზოდი შემდგომში გავრცელებული სიუჟეტი გახდა ქართულ იკონოგრაფიაში (დავითის ლავრა, ბერთუბნის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი და სხვ.).

გადმოცემის თანახმად, იმ გამოქვაბულის შორი-ახლოს, სადაც მამები ცხოვრობდნენ, იყო კიდევ ერთი ქვაბული, სადაც საზარელი მხეცი მკვიდრობდა. ერთ დღეს, როდესაც ირმები მამა დავითის გამოქვაბულისკენ მოდიოდნენ, მხეცმა მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. ლუკიანემ შეიტყო რა მხეცის არსებობა აუწყა მამა დავითს, მან კი შერისხა მხეცი და უდაბნოდან გააძევა. მხეცი ადგა და ყარაიას ველით მდინარე მტკვრისკენ გაეშურა. უეცრად უფლის ანგელოზმა ციდან მეხი ჩამოაგდო და ურჩხული ადგილზევე დაწვა.

რუსთავის წარჩინებული მკვიდრის ბუბაქარის დახმარებით ააგო ეკლესია, რომელიც შემდგომში ფერისცვალების ეკლესიად იწოდებოდა და სადაც დასაფლავებულია დავით გარეჯელი. ზეპირი გადმოცემით დავითის სახელი უკავშირდება თბილისის მამადავითისა და ქაშვეთის ეკლესიათა ადგილებს, სადაც დავითს უცხოვრია გარეჯაში წასვლამდე. დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ გარეჯის სანახებში დააარსეს ახალი მონასტრები.

დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღუწერიათ მისი გარდაცვალებიდან ახლო პერიოდში, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე — XII საუკუნეში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.

ხსენების დღე

რედაქტირება

დავით გარეჯელობის დღესასწაული გარდამავალია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს აღნიშნავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 285.
  • ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 3, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1971;
  • რაქვიაშვილი ხ., ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტრები, თბ., 2015, გვ. 15-32.