სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყარაია (მრავალმნიშვნელოვნება).

გარდაბნის ვაკე, ყარაიის ვაკე, ყარაიაზი, ყარაიას ველი, ყარაიაქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. ივრის ზეგანს (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით), მდინარე მტკვარსა (დასავლეთით) და საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს (სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით) შორის. გარდაბნის ვაკე აკუმულაციური ტერასული ვაკეა. სიმაღლე 260-450 მ, აგებულია ძველი და ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით (რიყნარი, ქვიშნარი, თიხნარი). ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,9 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 °C, ივლისი 25,3 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 25 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 41 °C. ნალექები 422 მმ წელიწადში.მაქსიმალური მაისშია (68 მმ), მინიმალური - იანვარში (16 მმ). გარდაბნის ვაკე მდინარეებით ღარიბია. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე მტკვარი, ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვის გარდაბნის არხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ჯანდარის ტბა. გარდაბნის ვაკეზე ჭარბობს სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებსა და ურწყავ უბნებში გავრცელებულია დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები, მდინარე მტკვრის გაყოლებით - ალუვიური ნიადაგი.

ყარაია ვახუშტის რუკაზე

მცენარეულ საფარში გაბატონებულია მშრალი ველისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები. დამახასიათებელია უროიანი და ავშნიან-უროიანი ველები. ფართოდაა გავრცელებული ავშანი და მლაშობის მცენარეები. მტკვრის სანაპიროზე ფრაგმენტებად შემორჩენილია ჭალის ტყეები.

გარდაბნის ვაკის გარფლებში განვითარებულია ჭალის ტყის, ტერასული ვაკის ველისა და ნახევარუდაბნო-მშრალი ველის ლანდშაფტები. ვაკის დიდი ნაწილი გადახნულია, გამოყენებულია მარცვლეული და ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურებისათვის, ურწყავ ადგილებზე საძოვრებია.

ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც საზამთრო საძოვრები და ქართველ მეფეთა სანადირო ადგილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში აქ თურქმანული მესაქონლე ტომები დასახლდნენ, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევარში ქვემო ქართლში გადავიდნენ. ამის შემდეგ ყარაიას საზამთრო საძოვრებად იყენებდნენ ქართველი მთიელები (ხევსურები).

მოხსენიებულია მრავალ საისტორიო წყაროში, მათ შორის ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიაში და დატანილია მის ატლასებზეც.

ვიკიციტატა
„ნაგების აღმოსავლით და სამხრით არს ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსა მოინადირებენ მეფენი წლითი-წლად“
(ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 331 – თბილისი, 1973)

ლიტერატურა

რედაქტირება