ჯანდარის ტბა

ტბა საქართველოში და აზერბაიჯანში

ჯანდარის ტბა (აზერ. Candargöl) — ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე.[1] მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე,[2] ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75 მ, მაქსიმალური სიღრმე 7,2 მ. ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.[3]

ჯანდარის ტბა
აზერ. Candargöl
ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა
კოორდინატები: 41°25′45″ ჩ. გ. 45°13′11″ ა. გ. / 41.429306° ჩ. გ. 45.219750° ა. გ. / 41.429306; 45.219750
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული გარდაბნის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე)
აღსთაფის რაიონი
სიმაღლე ზღვის დონიდან 291,4 
სიგრძე 6,4 კმ
სიგანე კმ
ფართობი 10,6 კმ²
მოცულობა 0,051 კმ³
საშუალო სიღრმე 3,75 
მაქსიმალური სიღრმე 7,2 
გამჭვირვალობა
ჯანდარის ტბა — საქართველო
ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა — ქვემო ქართლი
ჯანდარის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც.[3]

ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება გარდაბნის არხი. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.[4]

ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ტბა დააშრეს, ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30–32 °C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2–3 °C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს.[5] ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.[4]

ჯანდარის ტბით ირწყვება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიწები. XX საუკუნის 60-იან წლებში იქთიოლოგმა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი, მათ შორის: კავკასიური ქაშაპი, ლოქორია, მტკვრის ტობი, მტკვრის ციმორი, ხრამული, მტკვრის წვერა, ჭანარი, მურწა, შამაია, მტკვრის თაღლითა, შავწარბა, აღმოსავლური ფრიტა, ამიერკავკასიური ბლიკა, აღმოსავლური კაპარჭინა, ტაფელა, კობრი, წინააზიური გველანა, ლოქო, გამბუზია, თეთრი სქელშუბლა, თეთრი ამური, ჭრელი სქელშუბლა და ჭერეხი.[3]

ჯანდარის ტბა იქთიოფაუნის მრავალფეროვნებით საქართველოში პალიასტომის ტბას თუ ჩამოუვარდება. იგი საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.[3]

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20 000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 წითელთავა ყვინთია; 200-300 წითელი იხვი; 10 000-15 000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა.[6]

აქ განვითარებულია ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად ლელი და ლაქაში. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად ვერხვი, ტირიფი და იალღუნია წარმოდგენილი. ტბის შემოგარენშია ნახევარუდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი სახეობები — ძეძვი, მწარე აბზინდა და ჩვეულებრივი ურო.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 231.
  2. უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ჟურნალი „მონადირე და მეთევზე“. მიხეილ დემეტრაშვილი. „ჯანდარის ტბა და მისი იქთიოფაუნა“,1990 წ.
  4. 4.0 4.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  5. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 538.
  6. 6.0 6.1 ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-06. ციტირების თარიღი: 2018-03-30.