ყაზახის რაიონი

რაიონი აზერბაიჯანში
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 1 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ყაზახის რაიონი (აზერ. Qazax rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ყაზახი.

ადმინისტრაციული ერთეული
ყაზახის რაიონი
აზერ. Qazax rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ყაზახი
კოორდინატები 41°05′36″ ჩ. გ. 45°21′58″ ა. გ. / 41.09333° ჩ. გ. 45.36611° ა. გ. / 41.09333; 45.36611
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 701 კმ²
მოსახლეობა 91 142 (2013)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 279
საფოსტო ინდექსი 3500
საავტომობილო კოდი 35
ოფიციალური საიტი http://www.qazax-ih.gov.az/
ყაზახის რაიონი — აზერბაიჯანი
ყაზახის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

რაიონი მდებარეობს რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, განჯა-ყაზახის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც გაშლილია მცირე კავკასიონის მთის კალთებიდან მტკვრამდე. ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთით საქართველოს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით სომხეთს ესაზღვრება. რაიონის ტერიტორიის რელიეფი რთულია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები აღსთაფაჩაი, ჯოღაზჩაი და ინჯისუ. სიმაღლე, ზღვის დონიდან, მტკვრის ნაპირზე 100 მეტრს შეადგენს, ხოლო დასავლეთში თანდათან 1 000 მეტრს აღწევს. უმაღლესი წერტილი — მთა „ოდუნდაღი“ (1 316 მ). რაიონის კლიმატი ხასიათდება ზომიერი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. აზერბაიჯანის სსრ-ის ანკლავები ბარხუდარლი, იუხარი-ასქიფარა, აშაღი-ასქიფარა და სოფულუ, რომლებიც მდებარეობს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე, 1990-იანი წლებიდან დე-ფაქტოდ სომხეთის მიერ კონტროლირდება.

IX საუკუნის არაბი ისტორიკოსის ბალაზურის ცნობით, VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუმ აქ ქალაქი „კასალი“ დააარსა. ახლანდელი რაიონული ცენტრი ყაზახი მის ადგილზეა, ხოლო სახელწოდება არაბული ტოპონიმის სახენაცვალი ფორმაა. სომხური და ქართული წყაროები რეგიონს და ქალაქს ძორს ან ძოროფორს უწოდებენ. XII-XIII საუკუნეებში ყაზახი გაგისა და ლორის საერისთავოებს ეკუთვნოდა, მდინარის ზემოთი გაგის, მდინარის ქვემოთი კი ლორის საერისთავოს. XV საუკუნის II ნახევარში დაიწყო ყაზახის მხარეში თურქმან ტომთა დასახლება. 1478 წელს უზუნ-ჰასანის ლაშქრობების შემდეგ ეს მხარე განადგურდა. XVI საუკუნის შუა ხანებში სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა აქ ყაზახის სახანო დააარსა. 1578-1607 წლებში ყაზახის სახანოს აკონტროლებდა ოსმალეთის იმპერია, შემდეგ კვლავ სპარსეთის იმპერიის ხელში გადავიდა, ხოლო 1722-1735 წლებში ხელახლა ოსმალეთის კონტროლქვეშ იყო. 1735 წელს დაიმორჩილა ნადირ-შაჰმა. მისი ისკვდილის შემდეგ, თეიმურაზ II-მ ყაზახის სახანო ქართლის სამეფოს დაუქვემდებარა, ხოლო ერეკლე II-მ ის საბოლოოდ გააუქმა და ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილად აქცია, მას მეფის მოურავები განაგებდნენ.[1]

1801 წელს ყაზახის სახანო ქართ-კახეთის სამეფოსთან ერთად მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. კავკასიაში რუსეთის შესვლას მოჰყვა 1804-1813 წლების რუსეთ-სპარსეთის ომი, რომელიც დასრულდა გულისტანის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა საბოლოოდ დაიმტკიცა ყაზახის სახანო და შეიყვანა ის თავდაპირველად ტფილისის გუბერნიაში, ხოლო 1868 წლიდან ელიზავეტპოლის გუბერნიაში შევიდა ყაზახის მაზრის სახით. მაზრაში მდებარეობდა მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგური, რომელიც აკავშირებდა ელიზავეტპოლის გუბერნიას ერევანთან და ყარსთან ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით.[2]1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მაზრის მთლიანი მოსახლეობა 112 074 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 64 101 იყო აზერბაიჯანელი, 43 555 სომეხი, 3 444 - რუსი, 425 - ქართველი, ხოლო დანარჩენი სხვა უმცირესობები.[3] მაზრაში განვითარებული იყო მებაღეობა, მეთამბაქოეობა და მატყლის წარმოება. ყაზახის მაზრაში გუბერნიის ფარგლებში ყველაზე ცოტა საწარმოები და ქარხანა მდებარეობდა.[2]1913 წელს ყაზახის მაზრა 13 სასოფლო საზოგადოებად იყოფოდა.[4]:

ყაზახის მაზრა იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც 1918 წლის დასაწყისში დაიწყო აჯანყებები რუსული მმართველობის წინააღმდეგ.[5] 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ელიზავეტოპოლის გუბერნიას განჯის გუბერნია ეწოდა და ყაზახი მის შემადგენლობაში მოექცა. სამხრეთ კავკასიის ბრიტანული ოკუპაციის დროს ბრიტანეთის მთავარი კომისარი სამხრეთ კავკასიაში ოლივერ უორდროპი ცდილობდა რეგიონის სადავო საკითხების გადაჭრას და აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შესთავაზა, რომ ერევნის გუბერნია და ყარსის ოლქი სომხეთს გადასცემოდა, ხოლო განჯისა და ბაქოს გუბერნიები აზერბაიჯანს. , ეს წინადადება უარყო, როგორც სომხეთმა, რომელსაც არ სურდა ყაზახის, ზანგეზურის და მთიანი ყარაბაღის დათმობა, ისე აზერბაიჯანმა, რომლებისთვის მიუღებელი იყო ნახიჩევანის დათმობა. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტი დაიწყო, 1919 წლის შუა რიცხვებში ბრიტანეთმა დატოვა რეგიონი. 1920 წელს მაზრა გაიყო აზერბაიჯანისა და სომხეთის რეპსუბლიკებს შორის ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით.

1926 წელს საბჭოთა კავშირის აღწერის მონაცემებით ყაზახის მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 121 255 ადამიანს, რომელთაგანაც 110 550 აზერბაიჯანელი იყო, 3 816 - რუსი, 3 632 - სომეხი, ხოლო 1 543 კი გერმანელი.[6] 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა ყაზახის მაზრა და მის მაგივრად 1930 წლის 8 აგვისტოს შექმნა ყაზახის რაიონი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რაიონი იყოფა ერთ ქალაქად და 21 სოფლად. ყაზახის საქალაქო მუნიციპალიტეტი მოიცავს ქალაქ ყაზახსა და ნ. ნარიმანოვის დასახლებულ პუნქტს.

ხალიჩის წარმოება

რედაქტირება

ყაზახი ცნობილია, როგორც აზერბაიჯანის სახალიჩო სკოლის ერთ-ერთ ცენტრად. ხალიჩების უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც XVI-XX საუკუნეებში ყაზახის სახანოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიაში შეიქმნა, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში საერთო სახელით — „ყაზახის ხალიჩები“.

ცნობილი პირები რაიონიდან

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мильман А. Ш., Политический строй Азербайджана в XIX—начале XX веков (административный аппарат и суд, формы и методы колониального управления), Баку, 1966.
  • Щеблыкин И. П., Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы) / Под ред. И. Джафарзаде, Б.: Издательство АзФАН, 1943.