მეთამბაქოეობამემცენარეობის ერთ-ერთი დარგი, რომლის მიზანია თამბაქოს ნედლეულის წარმოება სამრეწველო დანიშნულებით. კულტურაში ფართოდ იყენებენ 2 სახეპბას — ნამდვილ თამბაქოს (Nicoriana tabacum) და წეკოს (Nicoriana rustica). თამბაქოს ფოთლებისაგან მზადდება მოსაწევი საპაპიროსე მასალა, სიგარები, სიგარეტები, საჩიბუხე თამბაქო; იყენებენ აგრეთვე ნიკოტინის პრეპარატებისა და ლიმონის მჟავას მისაღებად. ძველად ფართოდ იყო გავრცელებული თამბაქოს ფოთლების ღეჭვა, მისი ფხვნილის, ე. წ. ბურნუთის ყნოსვა და სხვა.

თამბაქოს ფოთოლი შეიცავს (5-ობით) ნიკოტინს — 1-3, ეთეროვან ზეთებს 1, ფისს 4-7, ნაცარს 18-მდე. ფისი და ეთეროვანი ზეთი თამბაქოს სასიამოვნო სურნელებას აძლევს. უმაღლესი ხარისხის საპაპიროსე ნედლეული შეიცავს 11-13% ნახშირწყლებს, 7% ცილებს. თამბაქოს თესლში 40%-მდე ზეთია.

თამბაქოს სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. რუსეთში გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. პეტრე I-ის დროს უკრაინაში აუგიათ თამბაქოს ფაბრიკა. აქ უმთავრესად წეკო მოჰყავდათ. ყოფილ სსრკ-ში თამბაქოს კულტურის ძირითადი რაიონებია ყირიმისა და კავკასიის შავისღვისპირა ზოლი, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკები.

საქართველოში წეკო შემოიტანეს XVII საუკუნის დამლევს. მანამდე გავრცელებული იყო თრიაქის (ოპიუმის) წევა. ნამდვილი თამბაქო საქართველოში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. ეს იყო ამერიკული თამბაქოს ჯიშები. თამბაქოს საქართველოში თუთუნს (თურქულად) უწოდებდნენ. მისი წევა, ყნოსვა, ღეჭვა გავრცელებული იყო ხევსურეთში, სვანეთში, სამეგრელოში და საქართველოს სხვა კუთხეებში. აქ თამბაქოს ხმარობდნენ წამლადაც — ჭრილობიდან სისხლის დენის შესაწყვეტად, პირუტყვის ქეცის მოსარჩენად, თავის ტკივილის დასაყუჩებლად (ბურნუთი) და სხვა დროს. საქართველოში თამბაქოს ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით გაიშალა სამეცნიერო მუშაობა, დაარსდა თამბაქოს საცდელი პლანტაციები ლაგოდეხში (1890), ოზურგეთსა და სოხუმში (1907). თამბაქო მოჰყავთ ძირითადად აფხაზეთის, აჭარის, ლაგოდეხის, მარნეულის რაიონებში, სადაც დარაიონებულია აფხაზეთისა და ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურებში გამოყვანილი ჯიშები: ჰიბრიდი 155, სამსუნი 27, სამსუნი 224, ტრაპიზონი 265, ტრაპიზონი 230, ტრაპიზონი 245 და სხვა.

მეთამბაქოეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ივ. ბახტაძემ, პ. ჩიკოვმა, ა. ჩაჩამ. დ. ჯოჯუამ, მ. ჩაჩავასმ, ს. ფიფინოვმა, ს. კახაძემ, ა. ზაქარიაძემ და სხვებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე ი., თამბაქოს დარგვა, თბ., 1945;
  • მისივე, მეთამბაქოეობა, თბ., 1937;
  • ჯაფარიძე ა., დგებუაძე ო., მეთამბაქოეობა, თბ., 1973;
  • Чиков П. В., Культура табака в Абхазии и Западной Грузии, Краснодар, 1940;