ყაზახი — მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში, მდინარე აღსთაფის ქვემო წელზე. ამჟამად ყაზახის მხარე წარმოადგენს აზერბაიჯანი, ყაზახის რაიონის ტერიტორიას.

IX საუკუნის არაბი ისტორიკოსის ბალაზურის ცნობით, VIII საუკუნის 30-იან წლებში სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) აქ ქალაქი „კასალი“ დააარსა (ახლანდელი რაიონული ცენტრი ყაზახი მის ადგილზეა, ხოლო სახელწოდება არაბული ტოპონიმის სახენაცვალი ფორმაა). სომხური და ქართული წყაროები რეგიონს და ქალაქს ძორს ან ძოროფორს უწოდებენ. XII-XIII საუკუნეებში ყაზახი გაგისა და ლორის საერისთავოებს ეკუთვნოდა, მდინარის ზემოთი - გაგის საერისთავოს, მდინარის ქვემოთი - ლორის საერისთავოს. ყაზახის მხარეში თურქმან ტომთა დასახლება XV საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო; 1478 წელს უზუნ-ჰასანის მიერ ქართლის მოოხრების შემდეგ აქ გაჩდნენ ე. წ. „თათრის ელები“. შემდგომ ხანებში, ქართლზე ყოველი ახალი თავდასხმის შემდეგ, მტკვრისპირა დაბლობზე თურქმანთა ახალი ნაკადი ესახლებოდა. XVI საუკუნის შუა ხანებში ირანის შაჰმა თამაზ I-მა აქ სახანო დააარსა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ყაზახის სახანო დროდადრო ქართლის მეფეს ექვემდებარებოდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში ერეკლე II-მ სახანო გააუქმა და ამიერიდან ყაზახს მეფის მოურავები განაგებდნენ.

1801 წელს ყაზახის სახანო ქართ-კახეთის სამეფოსთან ერთად მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. კავკასიაში რუსეთის შესვლას მოჰყვა 1804-1813 წლების რუსეთ-სპარსეთის ომი, რომელიც დასრულდა გულისტანის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა საბოლოოდ დაიმტკიცა ყაზახის სახანო და შეიყვანა ის თავდაპირველად ტფილისის გუბერნიაში, ხოლო 1868 წლიდან ელიზავეტპოლის გუბერნიაში შევიდა ყაზახის მაზრის სახით. მაზრაში მდებარეობდა მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგური, რომელიც აკავშირებდა ელიზავეტპოლის გუბერნიას ერევანთან და ყარსთან ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით.[1]

1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ელიზავეტოპოლის გუბერნიას განჯის გუბერნია ეწოდა და ყაზახი მის შემადგენლობაში მოექცა. 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა ყაზახის მაზრა და მის მაგივრად 1930 წლის 8 აგვისტოს შექმნა ყაზახის რაიონი.

ლიტერატურა

რედაქტირება