ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები
ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები — ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735-1752 წლებში შექმნილი კავკასიისა და ევროპის რუკების ერთობლიობა.
ისტორია
რედაქტირებაქართული კარტოგრაფია, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლევან მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთაგან ერთი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მეორე კი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
პირველი ატლასი 1735წ.
რედაქტირებაპირველი ატლასი 1735 წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
ვახუშტის 1735 წლის ატლასი ქ. ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა, თავად გ. პოტიომკინ-ტავრიდელის კუთვნილ სხვა წიგნებთან ერთად. ამიტომ ამ ატლასს „ყაზანურ ატლასადაც“ მოიხსენიებენ. 1880 წელს კავკასიის სტატისტიკის კომიტეტმა ეს რუკები თბილისში ჩამოიტანა, სამიოდე თვის შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნა და დიდი ხნის განმავლობაში ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა (კატალოგის № 1699).
მეორე ატლასი 1745 წ.
რედაქტირებაპირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებით, 1742-1745 წლებში, გაუმჯობესებულ ტოპოგრაფიულ საფუძველზე, ვახუშტიმ შექმნა საქართველოს და მისი რეგიონების რუკის ახალი სერია — 19 რუკით და 2 გენეალოგიური ტაბულით. ეს ატლასი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აზიურ მუზეუმში ინახებოდა; მას პეტერბურგული ატლასის სახელითაც იცნობენ. ვახუშტის მეორე ატლასი თბილისი 1925 წელს ჩამოიტანეს და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება (ფონდი № 105). ატლასის ყდაზე არის ფრანგული წარწერა: "Atlas pour Wakhoucht".
1745 წლის ატლასის რუკები ვახუშტი ბაგრატიონს თავისსავე ძირითად გეოგრაფიულ თხზულებში — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში მოუთავსებია იმგვარად, რომ ყოველი მხარის (რეგიონის) გეოგრაფიული აღწერილობის ტექსტს თან ახლდა შესაბამისი ტერიტორიის რუკა; მოგვიანებით, თხზულების ტექსტი და რუკები ცალ-ცალკე აღმოჩნდა აკინძული.
ვახუშტი ბაგრატიონის პირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებულია მეორე ატლასის რუკები. ამ ატლასში გაუმჯობესებულია გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული საფუძველი; მანძილები ცალკეულ პუნქტებს შორის უფრო სწორადაა გამოთვლილი; ზოგი უზუსტობა, რომელიც პირველ ატლასში კავკასიის რეგიონის კარტოგრაფირებისას იქნა დაშვებული, მეორე ატლასში ნაწილობრივ გამოსწორებულია. ასე რომ, ვახუშტი ბაგრატიონის პირველი და მეორე ატლასი არამცთუ წარმოადგენენ ერთიმეორის სტერეოპულ ასლებს, არამედ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ეთმანეთისაგან და შეესაბამებიან ვახუშტის კარტოგრაფიული მოღვაწეობის ორ სხვადასხვა საფეხურს.
რუკების შინაარსი და ტერიტორიების ასახვის სიზუსტე მნიშვნელოვანწილად კარტოგრაფიულ პროექციებზეა დამოკიდებული. ვახუშტის მეცნიერული მოღვაწეობა ისეთ პერიოდში მოუხდა, როცა ამ მხრივ ბევრი რამ დასამუშავებელი და შესაქმნელი იყო.
ვახუშტისეული პირველი ატლასის რუკების კარტოგრაფიულ საფუძველს წარმოადგენს ცილინდრულ პროექციაში გამოსახული სწორკუთხოვანი ბადე, რომელსაც ქმნიან პერპენდიკულარულად გადამკვეთი განედებისა და გრძედების აღმნიშვნელი სწორი ხაზები. ისევე როგორც XVI-XVII საუკუნის ევროპელ კარტოგრაფებს, ამ ატლასშიც საწყისად ვახუშტის აღებული აქვს აზორის არქიპელაგის კუნძულ კორვოზე გამავალი მერიდიანი.
მეორე ატლასის კარტოგრაფიული საფუძველი საგრძნობლად გაუმჯობესებულია. უწინარეს ყოვლისა, რუკების კარტოგრაფიული ბადე მათემატიკური წესით აგებულია კონუსურ პროექციაში და გეოგრაფიული კოორდინატების ასტრონომიული განსაზღვრება მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ამ ატლასში შესული რუკების გრადუსთა ბადე აგებულია ლ. ფელიეს მიერ პოვნილ მენაკის (მერიდიანის) მიხედვით. ეს ფაქტი მკვლევარმა საგანგებოდ აღნიშნა: „რუკები შედგენილია ახალს პოვნილს უფლის ფელეს მენაკსა ზედა“-ო.
ამგვარად, თუ პირველი ატლასის რუკების გრადუსთა ბადის ასაგებად ათვლის საწყისად ვახუშტის გამოყენებული ჰქონდა კ. კორვოს მერიდიანი (ისევე, როგორც ცნობილ კარტოგრაფ მერკატორს, 1541 წელს), მეორე ატლასის რუკებისათვის ასეთივე როლი შეასრულა კუნძულ ფეროზე გამავალმა მერიდიანმა. უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე I-ის ბრძანებით, XVIII საუკუნის I ნახევარში, რუსეთში შესადგენი რუკებისათვის ათვლის წერტილად სწორედ ეს მერიდიანი იყო მიჩნეული.
1745 წლის ატლასი, ისევე, როგორც ვახუშტის „ისტორია და გეოგრაფია“ 2013 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.
მესამე ატლასი
რედაქტირებავახუშტი ბაგრატიონს რუსეთის არმიის შტაბის თხოვნით შეუდგენია საქართველოს, მისი ცალკეული ნაწილებისა და მეზობელი მხარეების 9 რუკა რუსულ ენაზე (რამდენიმე რუკაზე ქართულ-რუსული წარწერებით), რომლებიც წარმოადგენს ვახუშტისავე ადრე შესრულებული რუკების გამოსახულებას გამდიდრებული ახალი მონაცემებით.
# | აღწერა | სურათი |
---|---|---|
1 | რუს. Карта Егриси, Абхазети, Имерети, Гурия (ეგრისის, აფხაზეთის, იმერეთისა და გურიის რუკა) |
|
2 | ||
3 | ||
4 | ||
5 | ||
6 | ||
7 | ||
8 | ||
9 |
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებავახუშტის კარტოგრაფიულმა შრომებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს რუსეთისა და დასავლეთ ევროპის მეცნიერულ წრეებში. ცნობა ვახუშტის პირველი ატლასის შესახებ ლაიფციგის გაზეთმა 1737 წლის 5 დეკემბრის ნომერში დაბეჭდა. გაზეთმა დიდი შეფასება მისცა „თბილისელი პრინცის“ მიერ შედგენილ „კავკასიის მთების შესანიშნავ რუკებს“. 1737 წელს ცნობილმა ფრანგმა კარტოგრაფმა, აკადემიკოსმა იოსებ დელილმა სანქტ-პეტერბურგში ვახუშტის პირველი ატლასის რუკების ასლები გადაიღო და პარიზში გაგზავნა. 1766 წელს იმავე დელილმა გამოაქვეყნა იმავე ვახუშტის 1735 წლის ატლასის პირველი რუკის ასლი ფრანგულ ენაზე.
ვახუშტის მეორე ატლასის საფუძველზე შედგენილი იყო 1745 წელს „რუსეთის ატლასში“ შესული კავკასიის ამსახველი რუკები, ხოლო მომდევნო პერიოდში კი სუხოტინის (1771), გიულდენშტედტის (1772), ბურნაშევის (1784) და სხვა რუკებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახუშტი ბაგრატიონი, „საქართველოს ატლასი“, (ვ. ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი) თბ. 1997 წ.