ქვემო ქართლის ვაკე

ქვემო ქართლის ვაკე — ალუვიური ვაკე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურესი ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი. შემოზღუდულია თრიალეთისა და ლოქის ქედების, შუა ხრამის მთათა ჯგუფისა და ივრის ზეგნის კალთებით.

სიგრძე მტკვრის გასწვრივ 40 კმ. მტკვარი ყოფს ორ ნაწილად — მარნეულისა და გარდაბნის ვაკეებად. ვრცელდება ზღვის დონიდან 260-იდან (მდინარე ხრამის შესართავი) 500-600 მ-მდე (მთების ძირში). ძირითადი ნაწილი (ბრტყელი დაბლობი) აგებულია ალუვიონით, რომლის ქვეშ (მარნეულ-ილმაზლოს ზოლში) დაძირული დოლერიტული ლავებია. ალაგ-ალაგ ლავები გაშიშვლებულია (დისველისა და თეთრი წყაროს პლატოების ნაწილები, სოფ. ილმაზლო).

მარნეულის ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია ნეოგენური მოლასებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით) აგებული იაღლუჯის სინკლინური მაღლობი. ქვემო ქართლის ვაკის ჰავა კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურა 12-13 °C, უცივესი თვის იანვრის საშუალო ტემპერატურა – 0.3 °C-0.0 °C. წელიწადში საშუალოდ 350-500 მმ ნალექი მოდის. ქვემო ქართლის ვაკის ჰიდროგრაფიულ ქსელში შედის მდინარე მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კუმისის ტბა, ხოლო გარდაბნის ვაკეზე – ჯანდარის ტბა.

ბუნებრივი მცენარეულობა (სტეპი და ტყესტეპი) მეტწილად მოსპობილია, სჭარბობს კულტურული ლანდშაფტი – ნათეს-ნარგავები.

ლიტერატურა

რედაქტირება