მარნეულის ვაკე
მარნეულის ვაკე, ბორჩალოს ვაკე — აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში. წარმოადგენს ქვემო ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილს. გავრცელებულია მდინარეების ალგეთის, ხრამის, მაშავერისა და დებედის ქვემო დინებათა აუზში. სიგრძე 40 კმ, უდიდესი სიგანე 20 კმ. აბსოლუტური სიმაღლე 270 მ-დან 400 მ-მდე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იაღლუჯის მაღლობი, სამხრეთით ლოქის ქედი და ბაბაკარის სერი, აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი, დასავლეთით მიუყვება მაშავერის ხეობას ქ. ბოლნისამდე. აგებულია ძირითადად ძველმეოთხეული ალუვიური ნალექებით — კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებით და თიხებით. მდინარეთა სანაპიროზე თანამედროვე ალუვიური ნალექებია — კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია. მთავარ მდინარეთა ტერასების ამგებ თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფიზიური ძაბრები, ჭები, ბუნებრივი ხიდები და სხვა.
მარნეულის ვაკეზე ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ცხელი ზაფხული. წელიწადში ნალექების ორი მინიმუმით ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, იანვარში 0°—0,3 °C, ივლისში 23,9 °C; აბსოლუტური მინიმალური — 25 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 490—550 მმ წელიწადში. მარნეულის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ალგეთი, ხრამი, მაშავერა, დებედა, შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი), ტალავრისწყალი, ბოლნისისწყალი (მაშავერის მარჯვენა შენაკადები).
ვაკეზე განვითარებულია წაბლა ნიადაგები, აგრეთვე დამლაშებული და ბიცობი ნიადაგები. ბუნებრივ მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიან-ავშნიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები, ზოგან — მლაშობი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. მდინარეთა სანაპიროებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები. მარნეულის ვაკის უდიდესი ნაწილი ამჟამად კულტურულ ლანდშაფტს უჭირავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქსე, ტ. 6, გვ. 448, თბ., 1983