დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.[1][2][3][4] უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის[5].

დავითგარეჯა
დავითგარეჯა — საქართველო
დავითგარეჯა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°26′50″ ჩ. გ. 45°22′35″ ა. გ. / 41.447472° ჩ. გ. 45.376472° ა. გ. / 41.447472; 45.376472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება“[6] მოგვითხრობს: მეფე დემეტრე II-ის დროს სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის“. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ სხვა მეცნიერების მსგავსად იგიც „თორმეტს“ ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს უკავშირებდა.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესიტა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“[7].

პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი.

ვახტანგ VI-ს თავის ერთ-ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული, დოდო.

მონასტრების სია გვხვდება საკათალიკოსო მამულების „სითარხნის გუჯარში“: „... იორზე მონასტერი სიონი და მონასტერნი ქუაბნი მათითა მამულითა... დავითის საფლავი და დოდოს რქა, მონასტერი და უდაბნო თუისითა შესავლითა“. თეიმურაზ თოდუას აზრიტ, „იორზე მონასტერი სიონი“ უნდა იყოს ერწოს სიონი, თუმცა ვინაიდან თავისი ადგილმდებარეობით გარეჯის მონასტრებს არაფრით უკავშირდება, ამიტომ აღნიშნული ძეგლის მათ რიცხვში შეტანას თოდუა საეჭვოდ მიიჩნევს.

ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის მონასტრებს, კახეთის საორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.

შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.

დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.

 
დავითგარეჯის უდაბნო, კახეთის რუკაზე

XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.

 
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და გარეჯის ქედი (Mont Gouredgia) გიიომ დელილის და სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილ რუკაზე, რომელიც გამოიცა პარიზში 1723 წელს

დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.

ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშაბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებულიუდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.

 
უდაბნოს მონასტრის კედლის მხატვრობა

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.

სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

რედაქტირება
 
ტერიტორიების გაცვლის სქემატური რუკა

დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო-საადაპტაციო სამუშაოების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქიტექტორ-რესტავრატორმა თემურ აბრამიშვილმა 80-იან წლებში შეადგინა პროექტი, რომელიც ბერთუბნის მონასტრის ტერიტორიის საქართველოს სსრ საზღვრებში მოქცევას ისახავდა მიზნად, რათა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთიანობა აღდგენილიყო. ამისთვის ორ სახელმწიფოს მიწები უნდა გაეცვალა. ზემოაღნიშნული პროექტი ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტში წარადგინა და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო კიდეც.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

რედაქტირება

მოსე ჯანაშვილი თავის თხზულებაში დავითგარეჯას აღწერს შემდეგნაირად:

 
„გარესჯაში პირველად დამკვიდრდა დავით გარესჯელი. მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა გააშენეს თერთმეტი უდაბნო — 1) მოწამეთა, 2) ბერთუბანი, 3) დოდორქისა, 4) ნათლისმცემელი, 5) ჩიჩხიტური, 6) თეთრსენაკები, 7) მღვიმე, 8) ქოლაგერი, 9) მოხატული, 10) ვერან-გარეჯა, 11) პირუკუღმართი. დავით გარეჯა ააოხრა შაჰ-აბაზმა XVII საუკუნეში და აღმოწყვიტა 6000-მდე ბერი. უდაბნო განაახლა მაჭუტაძემ XVIII საუკუნის დასაწყისს, მოუპოვა ბევრი ძვირფასი წიგნი, სამკაული და შემოსავალი.“
(საქართველოს გეოგრაფია ვახუშტი ბატონიშვილისა. რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, 1904, გვ. 67)
# მონასტერი სურათი მოკლე აღწერა კოორდინატები
1 დავითის ლავრა   პირველი მონასტერი რომელიც ღირსმა მამამ დავით გარეჯელმა დააარსა VI საუკუნის I ნახევარში. 41°26′50″ ჩ. გ. 45°22′35″ ა. გ. / 41.44722° ჩ. გ. 45.3764667° ა. გ. / 41.44722; 45.3764667
2 დოდოს რქა   მონასტერი რომელიც ღირსმა მამამ დოდო გარეჯელმა დააარსა VI საუკუნის I ნახევარში.
3 ნათლისმცემელი  
4 ბერთუბანი 41°23′59″ ჩ. გ. 45°24′12″ ა. გ. / 41.39972° ჩ. გ. 45.40333° ა. გ. / 41.39972; 45.40333
5 უდაბნო   მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. 41°26′43″ ჩ. გ. 45°22′20″ ა. გ. / 41.4454389° ჩ. გ. 45.3722611° ა. გ. / 41.4454389; 45.3722611
6 ვერანგარეჯა
7 წამებული დარბაზული ეკლესია გარეჯის მთის სერზეა
8 ჩიჩხიტური   41°27′24″ ჩ. გ. 45°21′17″ ა. გ. / 41.4567056° ჩ. გ. 45.3548833° ა. გ. / 41.4567056; 45.3548833
9 თეთრსენაკები მდებარეობს დოდორქის დასავლეთით.
10 მრავალწყარო
11 საბერები
12 პირუკუღმარი
13 ქოლაგირი სპარსულად ნიშნავს „მოიხადე ქუდი“.
14 დიდი ქვაბები 41°27′17″ ჩ. გ. 45°42′46″ ა. გ. / 41.4547722° ჩ. გ. 45.7128083° ა. გ. / 41.4547722; 45.7128083
15 პატარა ქვაბები 41°24′46″ ჩ. გ. 45°53′33″ ა. გ. / 41.4130111° ჩ. გ. 45.8927528° ა. გ. / 41.4130111; 45.8927528
16 სათორგე

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[8].

2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ვ., ლომინაძე ბ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 339.
  • Г. Чубинашвили, «Пещерные монастыри Давит Гареджи», Тб., 1948

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Каландадзе: Грузия не потеряет монастырь "Давид Гареджи" в споре с Азербайджаном // «Кавказский узел»
  2. В парламенте Грузии вновь обсуждают вопрос о монастыре "Давид Гареджи" // «Кавказский узел»
  3. В Азербайджане возмущены сведениями о передаче монастыря "Давид Гареджи" Грузии // «Кавказский узел»
  4. Азербайджан и Грузия вновь делят Давид Гареджи // «Кавказский узел»
  5. ლ. მირიანაშვილი, „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“ ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501
  6. ტ. II, 1959 წ, გვ. 272.
  7. ვ. ბატონიშვილი....
  8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-02.
  9. David Gareji Monasteries and Hermitage
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: