სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე I.

ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445) — საქართველოს მეფე 1412–1442 წლებში. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა.

ალექსანდრე I დიდი
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1411
მმართ. დასასრული: 1442
წინამორბედი: კონსტანტინე I
მემკვიდრე: ვახტანგ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1390
გარდ. თარიღი: 1445
მეუღლე: 1.დულანდუხტი
2.თამარი
შვილები: 1. ვახტანგ IV
2. დიმიტრი
3. გიორგი VIII
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე I
დედა: ნათია ამირეჯიბი
ხელმოწერა:

ცხოვრება

რედაქტირება

ალექსანდრეს თავისი მეფობის პირველივე პერიოდში მოუხდა თურქმანებთან ბრძოლა და დაამარცხა ისინი და განდევნა საქართველოდან:

 
„ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვასხენ ზღვართაგან ჩვენთა და ქრისტიანენი ფრიადს მშვიდობასა და მყუდროებასა მიეცნეს.“

რაიმე პირდაპირი მითითება, თუ როდის და სად იყო ეს ბრძოლები, არ მოგვეპოვება, მაგრამ მის სინამდვილეს მოწმობენ სპარსელი ისტორიკოსების ცნობები. ამ ცნობათა მიხედვით ქართველთა მეფე ალექსანდრე, შირვანისა და შაქის მფლობელები ირანის მფლობელის შაჰრუჰის მოკავშირეებად ჩანან ყარა-იუსუფის წინააღმდეგ. ყარაბაღში საზამთროდ დაბანაკებულ შაჰრუჰთან მისულან მისი მოკავშირეები: შირვანშაჰი ხალილულაჰ I, შაქის მფლობელი სადი აჰმედ ორლათი, ხოლო მეორე დღეს ქართველი მეფის ალექსანდრეს ელჩები. 1421 წელს ომი მომხდარა ყარა-იუსუფის შვილს ისკანდერსა და შაპრუჰს შორის აზერბაიჯანში, სადაც ისკანდერი და მისი ჯარი შაჰრუჰს დაუმარცხებია. უეჭველია, ამ ომში მონაწილეობას მიიღებდნენ ხსენებული მმართველები როგორც შაჰრუჰის მოკავშირეები და როგორც ამ მხარის მფლობელები. მათთან მონაწილეობდა, უთუოდ, ალექსანდრეც,როგორც საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების დამცველი. მეფე ალექსანდრემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან დიდი ძალისხმევის შედეგად შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიან თურქმანებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). სივნიეთის შემოერთების სამხედრო მნიშვნელობა დიდი იყო, რადგან ირანის მფლობელები უშუალოდ საქართველოს ვეღარ მოადგებოდნენ.ამან ქვეყნის შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ალექსანდრე მეფე ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში.

 
მეფე ალექსანდრე I და კათალიკოსი ელიოზი. ფრესკა დიდწილად განადგურდა, როდესაც რუსებმა სვეტიცხოვლის კედლები შეათეთრეს.
 
საქართველოს სამეფო და ლორე და სივნიეთი.

ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველივე წლებში (1412-1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, გიორგი და დიმიტრი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. 1440 წელს საქართველოს შავბატკნიან თურქმანთა მეთაური ჯეჰან-შაჰი მოადგა, რომელმაც ალექსანდრეს დესპანების პირით შემოუთვალა ნებაყოფლობით დამორჩილებოდა და ხარკი გადაეხადა ალექსანდრემ გაბედული უარი შეუთვალა, რის გამოც მოწინააღმდეგე ხოცვა-ჟლეტით შემოიჭრა. როგორც ამ ამბის დაწვრილებით აღმწერი თომა მეწოფელი ამბობს, ეს დღე აღდგომა ყოფილა. მაშინ მტერს არავინ ელოდა და წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს. მტერმა აიღო თბილისი და სამშვილდე და საშინლად გაუსწორდა მოსახლეობას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442). ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, ვახტანგ IV-მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ასათიანი ნ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან «თსე შრომები», 1963, ტ. 78;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 720-731
  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ. 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), [წგნ.] 2, თბ., 1965;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
წინამორბედი:
კონსტანტინე I
საქართველოს მეფე
1412 - 1442
შემდეგი:
ვახტანგ IV