ზეზვა გაფრინდაული
ზეზვა გაფრინდაული — ქართველი სახალხო გმირი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გაფრინდაული იყო თუშების ხელმძღვანელი, მისი მეთაურობით ქართველ მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთის ციხეებში სეფიანთა მიერ ჩაყენებულ გარნიზონებს და მომთაბარე ელებს. ბახტრიონის ბრძოლის დროს გაფრინდაული ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელიც პირველი გადავიდა ციხის გალავანზე, დახოცა კარიბჭის მცველები და ქართველები ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ გაფრინდაულის რაზმმა სდია მტერს და ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ გაფრინდაული გამაგრებული იყო თორღვას ციხეში და იქიდან აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს. სპარსელებმა გაფრინდაული შეიპყრეს ღალატით, ჯერ თბილისში ჰყავდათ დაპატიმრებული, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 19.
- ლეონიძე, გ. „გამოკვლევები და წერილები“, თბილისი, 1959
- ფუთურიძე, რ. „ციხე ბახტრიონის აღება“, თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული ტ. 2, თბილისი, 1944