ინდურთანასოფლარი თუშეთის ალაზნის ხეობაში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 20 კილომეტრზე. ნასოფლარი ინდურთა განლაგებულია მაღალიკლდოვანი მთის ბოლოში, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა ნაპირას.

ნასოფლარში სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა, რომელთა უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული, ნაწილს კი შემორჩენილი აქცს პირვანდელი სახე. თითოეულის კედლის სიმაღლე დაახლოებით 1-1,3 მეტრს აღწევს. ნასოფლარის მახლობლად მდებარეობს მდინარე წოვათისწყალი, რომლის მარცხენა შენაკადის ხეობაში სამაროვანია. ნასოფლარის თავზე, დგას სამი ციხე-სახლი, სამივე ფიქლის მშრალი წყობითაა ნაშენი, ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ.

აქედან ორი შედარებით ნაკლები დანაკარგებითაა მიღწეული, ხოლო მესამე ორსართულნახევრის სიმაღლეზე დგას. პირველი ციხე-სახლი ხუთსართულიანია, იგი ზემოთკენ შევიწროებულია. ძლიერ არის დაზიანებული: სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია, მე-5 სართულის კედლების დიდი ნაწილი მონგრეულია. მე-2 ციხე-სახლი დგას ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს, სამსართულიანია, მე-2 სართულის კედლები შიგნით მიწაშერეული ნაკელითაა შელესილი. ჩანგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა დაზიანებულია, დაზიანებულია მე-3 სართულის ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი. შენობა კედლითაა გაყოფილი ორ არათანაბარ ნაწილად. დასავლეთ სათავსო თითქმის ორჯერ დიდია, ვიდრე აღმოსავლეთის. სამაროვანი მდებარეობს კლდოვანი ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ ფერდობებზე. იგი განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თუშეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის ხელმძღვანელი იყო რ. დოლაბერიძე. სამაროვანის ზოგიერთ საფლავს, თავსა და ბოლოში, თითო ფიქალი ჰქონდა ჩადგმული, ზოგიერთს კი ფიქლის მშრალი წყობით ნაგები კედელი ჰქონდა ჩაშენებული. ერთ-ერთ სამარხში იპოვეს ბრინჯაოს რგოლი და შალის ქსოვილის ფრაგმენტი, დაკრძალვის წესი ქრისტიანულია.

ნასოფლარ ინდურთას 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება