ნასოფლარი
ნასოფლარი — ძველი სოფლის ნაშთები, არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი კატეგორია. ნასოფლარი ისეთი ნამოსახლარია, რომლის ძველი მოსახლეობა უპირატესად სოფლის მეურნეობის დარგებს (მიწათმოქმედება, ბინადარ მესაქონლეობას ან თევზჭერას) მისდევდა. ნასოფლარების გათხრის შედეგად ვლინდება საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები და სხვა. ნასოფლარებთან უმეტესად დაკავშირებულია სამაროვნებიც. უძველესი ნასოფლარები ნეოლოთის ხანას განეკუთვნება. ნასოფლარები ზოგჯერ მრავალფენიანია, გარეგნულად ჩვეულებრივი გორებია. საქართველოში ძვ. წ. VI-IV ათასწლეულის ნასოფლარები შესწავლილია ქვემო ქართლში (შულავრის გორა, იმირის გორა და სხვა). ძვ. წ. III ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურის ნასოფლარებიც უმეტესად გორებზეა განლაგებული (ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები და სხვა). ცნობილია აგრეთვე ტერასებზე განლაგებული ნასოფლარიებიც (ამირანის გორა). განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ცნობილი შუა საუკუნეების საქართველოში მტრის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად გაჩენილი ნასოფლარები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 326.