შულავრის გორა — ადრინდელი სამიწათმოქმედო პერიოდის გორანამოსახლარი ქვემო ქართლში. მდებარეობს მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპირო ზოლში (მარნეულის მუნიციპალიტეტი). ძეგლი შეისწავლეს 1965-1971 წლებში (ო. ჯაფარიძე, ა. ჯავახიშვილი). ბორცვი წარმოქმნილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრების გამო კულტურული ნაშთებისა და სამშენებლო ნანგრევების დაგროვების შედეგად. გამოყოფილია 9 სამშენებლო ჰორიზონტი. შულავრის გორაზე გამოვლენილი ყველა ნაგებობა, საცხოვრებელი თუ სამეურნეო. გეგმით წრიული ან ელიფსურია, გადახურვა — კონუსური ან ცრუგუმბათური. ნაგებობები მეტად პრიმიტიულია — არ გააჩნია ცალკე კედელი და ცალკე გადახურვა. საცხოვრებელი შენობების დამახასიათებელი ელემენტია კედლის გასწვრივ გამართული თიხის კვერცხისებული მოყვანილობის კერა უქრობი ცეცხლისათვის. ნაგებობები ძირითადად ნაშენებია ძირბრტყელი — ამობურცული ალიზით. ამავე კულტურის მოგვიანო ნასოფლარებისაგან განსხვავებით, აქ ნამოსახლარის გეგმარება მოუწესრიგებელია, დასახლება კი – უფრო მჭიდრო. უძველესი ფენებიდან მოყოლებული შულავრის გორის მოსახლეობა ბინადარი იყო – მისდევდა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. მისთვის ცნობილი იყო შინაური ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი და ძაღლი, აგრეთვე ხორბლეული კულტურები. ნაპოვნია ველურიდან კულტურულზე გარდამავალი ყურძნის წიპწა.

საერთოდ ძეგლზე, განსაკუთრებით კი ქვედა ფენებში თიხის ჭურჭელი მეტად იშვიათია. ქვედა დონეების ჭურჭელი სუსტადაა გამომწვარი, ხელითაა ნაძერწი და მარტივი ფორმა აქვს. ჭურჭელი კვერცხისებური მოყვანილობისაა, შუა ჰორიზონტებიდან მოყოლებული ჩნდება რელიეფური კოპებით შემკული ჭურჭელი, ზედა ჰორიზონტებში კი გვხვდება ჭდეული ორნამენტით შემკული კერამიკა. იშვიათია ტალღისებური ხაზები ან სხვა სახის გეომეტრიული ორნამენტი. ამ სახის ჭდეური ორნამენტით შემკული კერამიკა შულავერ-შომუთეფეს კულტურის წრის ძეგლებში მხოლოდ იმირის გორის ქვედა ჰორიზონტების მასალაში გვხვდება, რაც ამ ორი ძეგლის ქრონოლოგიური ურთიერთდამოკიდებულების გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.

შულავრის გორაზე აღმოჩენილია ძვლის სადგისები, საპრიალებლები, კოვზისებური ნივთები და სხვა. ირმის რქისაგან ნაკეთები თოხები, ობსიდიანისა და კაჟის მარავალფეროვანი ნაწარმი, ხელსაფქვავები; იშვიათია გახეხილ-გაპრიელებული ქვის იარაღები. ნაპოვნია შუაში ფართონახვრეტიანი მარგილის დასამძიმებელი მასიური ოვალური ქვები. განადგურებული ზედა ფენების ზედაპირულ მასალაში აღმოჩენილია ჭდეული წიწვოვანი სახით შემკული თიხის მცირე ზომის ანთროპომორფული ქანდაკება.

შულავრის გორის გათხრის შემდეგ გამოვლენილი ადრინდელ სამიწათმოქმედო კულტურას საქართველოსა და აზერბაიჯანში გათხრილი უადრესი ძეგლების მაგალითზე შუალვერ-შომუთეფეს კულტურა უწოდეს.

შულავრის გორის გადარჩენილ სულ ზედა დონეზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ერთადერთი შავპრიალა ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, რომლის მიმართება ძველ ნასოფლართან გაურკვეველი დარჩა. შულავრის გორაზე გათხარეს ანტიკური ხანის (ძვ. წ. I საუკუნე) 5 ჩაშვებული სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ნივთები და სხვადასხვა მასალისაგან ნაკეთები მძივები, აგრეთვე ვერცხლის ორი მონეტა (ძვ. წ. I საუკუნე).

ლიტერატურა

რედაქტირება