ქვაცხელები ტვლეპია ქოხი — ადგილი სოფელ ურბნისის აღმოსავლეთით 2,5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, სადაც 1953 წელს ნ. ბერძენიშვილმა აღმოაჩინა და 1954-1965 წლებში ა. ჯავახიშვილმა და ლ. ღლონტმა გათხარეს ერთიმეორეზე მდებარე 3 კულტურული ფენის (B და C - ადრინდელი ბრინჯაოს ხანა, A - ადრინდელი ფეოდალური ხანის) ნასოფლარი და 2 სამაროვანი. ხანძრისაგან განადგურებულ C ფენაში (ძვ.წ. 2800 წ.) აღმოჩნდა 25 შენობის ნაშთი, ადგილზევე იყო დარჩენილი საყოფაცხოვრებო და საწესო მოწყობილობანი. ალიზით ნაგები ან თიხით შელესილი შენობები იდგა კომპაქტურ ჯგუფებად პატარა „მოედნების“ და „ქუჩების“ ირგვლივ, ფასადი მიქცეული იყო იმ ადგილებში გაბატონებული ქარების საწინააღმდეგოდ. ერდოიან-გვირგვინიანი ბანური გადახურვა დედაბოძს ეყრდნობოდა.

კვადრატულ კუთხეებმომრგვალებულ სახლს ფასადის მხარეზე გრძელი სამეურნეო დერეფანი ჰქონდა. სახლის ცენტრში, ერდოს ქვეშ, მოწყობილი იყო წრიული, შიდაშვერილებიანი კერა უქრობი ცეცხლისათვის, რომელიც ოჯახის ნაყოფიერების სიმბოლოდ ენთო. მხოლოდ ერთ წრიულ შენობას, რომელიც შესაძლებელია იყო ტაძარი, არ გააჩნდა დერეფანი. B და C ფენები შეიცავდნენ ანალოგიური შენობის ნაშთებს. ზედა A ფენაში გადარჩენილი იყო ურბნისის ქალაქობისდროინდელი (VI-VIII სს.) შენობის რიყის ქვის საძირკვლის, სარტყლებიანი ქვევრების, თიხისა და მინის ჭურჭლის ნაშთები და ინვენტარი და 4 ქრისტიანული სამარხი.

ნასოფლარის ჩრდილოეთით მდებარეობდა ტვლეპია ქოხის სამაროვანი. ნაწილობრივ შენობების ქვეშ მოქცეულ ორსამარხებში მიცვალებულები (1 ან 2) დაკრძალულნი იყვნენ გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცილები. ჩატანებული ჰქონდათ კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის იარაღ-სამკაული (მათ შორის მზის, წეროებისა და ირმების გამოსახულებიანი დიადემა).

ნასოფლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა ტვლეპია წყაროს სამაროვანი. გამოვლენილია ქვაყრილიანი 4 ორმოსამარხის ნაშთი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვის, წიდისა და ბრინჯაოს მძივები, ხიშტისებური შუბისპირი.

ნასოფლარის B და C ფენებში და სამაროვნებზე მოპოვებული სამეურნეო იარაღი (ირმის რქის კავისებური სახნისი, კაჟის ნამგლის პირები, ქვის ნავისებური ხელსაფქვავები), ხორბლის, ქერისა და წიპწის ნაშთები, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლები, მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, კერის სხვადასხვაგვარი სადგარი, საწესო ლარნაკები, სანათურები, ქვის ფალოსები, ნაყოფიერების მამაკაცი ღვთაების თიხის ფიგურები, ირმების, წეროებისა და ასტრალური გამოსახულებები მოწმობს, რომ აქ ცხოვრობდა წყვილადი ოჯახებისაგან შემდგარი პატრიარქალური გვარი, რომელიც მისდევდა გუთნურ მიწათმოქმედებასა და მწყემსურ მესაქონლეობას, კერამიკის წარმოებას, იცნობდა ბრინჯაოს მეტალურგიას. მის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში ტოტემიზმის გადმონაშთებთან ერთად ჩანს წარმართული პანთეონის მთავარი ღმერთების ტრიადა (მზე, მთვარე და ცისკრის ვარსკვლავი), საფიქრებელია ასევე ნაყოფიერების მცირეაზიური ღვთაების - ტელეფისის - ტვლეფიას - ტვლეპიას კულტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 507-508.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 73.