გაგრის ბრძოლა
აფხაზეთის ომი ნაწილი
თარიღი 1—6 ოქტომბერი, 1992
მდებარეობა გაგრა, აფხაზეთი
შედეგი აფხაზების გამარჯვება
მხარეები
აფხაზი სეპარატისტები
მთიელ ხალხთა კონფედერაცია
რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია
საქართველოს დროშა საქართველო
მეთაურები
შამილ ბასაევი გიორგი ყარყარაშვილი
ძალები
3000-4000 ჯარისკაცი[1]
ასობით ჯარისკაცი[1]

40 ერთეული ჯავშანტექნიკა

დანაკარგები
100 ჯარისკაცი 300 ჯარისკაცი[1]
397 მშვიდობიანი მოსახლე [2]

გაგრის ბრძოლა — ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის. დასრულდა აფხაზთა გამარჯვებით.

წინმსწრები მოვლენები

რედაქტირება

15 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს საქართველომ გაგრაში გადასხა ქართული დესანტი, რომელმაც იმავე დღეს უბრძოლველად დაიკავა ქალაქი და დაბა კოლხიდა, ხოლო 19 აგვისტოსთვის მთლიანად დაიკავა ტერიტორია მდინარე ფსოუმდე. აფხაზები სოფელ ბზიფთან გამაგრდნენ. სოხუმის ჩრდილოეთით გარეუბნებიდან გაგრის სამხრეთ შესასვლელამდე ტერიტორია ქართული ძალების კონტროლს მიღმა დარჩა, რის გამოც გაგრის რაიონი იზოლირებული აღმოჩნდა ქართველების სხვა პოზიციებისგან. გაგრაში განლაგდა დაახლოებით ათასამდე ქართველი ჯარისკაცი.

გაგრას ჰქონდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია. ზღვასა და მთას შორის აქ მანძილი მცირეა. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ქართველების პოზიციები აქ ბლოკავდა სეპარატისტების სახმელეთო საკომუნიკაციო გზებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან, რის გამოც ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკებს აფხაზეთში შემოსვლა და ლოგისტიკური დახმარებისა და იარაღის შემოტანა უხდებოდათ მთების გავლით.

გაგრის კომენდანტად დაინიშნა მაშველთა კორპუსის - „მხედრიონის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ფირცხელიანი. ამავე დროს სახელმწიფო საბჭომ გაგრაში თავისი რწმუნებულიც დანიშნა. ეს თანამდებობა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დარბაზის წევრმა ჯონი ლატარიამ დაიკავა.

24 აგვისტოს ღამით აფხაზებმა გაგრაზე შეტევა მიიტანეს. მტერთან ბრძოლა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. დახმარების მიღების შემდეგ ქართველებმა შეძლეს მტრების დამარცხება და აფხაზები უკუაგდეს. 3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მოიწვია საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში. ოფიციალურად ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, მაგრამ მისი ფორმატი მაინც განსხვავებული იყო. ფაქტობრივად, ეს იყო მოლაპარაკებები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით, რომელიც მთვარი არბიტრის როლში გამოდიოდა. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და მხარეების ხელმძღვანელები. ხელი მოეწერა ე.წ. „მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტს“. უნდა შექმნილიყო კონტროლისა და ინსპექციის კომისია, რომელსაც დაევალებოდა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ჯგუფების“ განიარაღება და დაშლა, მათი არდაშვება აფხაზეთში, აგრეთვე, „კონფლიქტის ზონის მთელ პერიმეტრზე“ მკაცრი კონტროლის უზრუნველყოფა. აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტი (იმდენი, რამდენიც საჭირო იყო „ამ შეთნახმების მიზნების — რკინიგზებისა და სხვა გარკვეული ობიექტების დაცვა — მისაღწევად“). 5 სექტემბრის 12 საათიდან მხარეებს უნდა შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და დაეწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. [3]

25 სექტემბერს რუსეთის უმაღლესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატ სერგეი ბაბურინის ინიციატივით გაიმართა საბჭოს დახურული სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა დადგენილება „აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ“. ამ დადგენილებით რუსეთის უმაღლესმა საბჭომ დაგმო საქართველოს მიერ „ძალის გამოყენება აფხაზეთში“ და მოითხოვა საქართველოსგან სამხედრო შენაერთების გაყვანა აფხაზეთიდან, სანაცვლოდ კი იქ „რუსეთის სამშვიდობო ძალების“ განლაგება. საბჭომ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისგან მოითხოვა შეეწყვიტა საქართველოსთვის ადრე დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული შეიარაღების, საომარი ტექნიკის და ტყვია-წამლის გადაცემა.[4][5][6] 1992 წლის მაისს, საქართველო შეუერთდა ტაშკენტის ხელშეკრულებას ყოფილი საბჭოთა სამხედრო ქონების გაყოფის შესახებ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვალდებული იყო გადაეცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღება, საომარი ტექნიკა და ტყვია-წამალი მისთვის გათვალისწინებული კვოტით. რუსეთის უმაღლესმა საბჭომ ელცინისგან ასევე მოითხოვა არ დაედო საქართველოსთან ეკონომიკური ხელშეკრულებები სანამ ის მის მიერ წაყენებულ პირობებს არ შეასრულებდა.

ამის ფონზე, 27 სექტემბერს რუსეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის (ორგანიზაციის, რომელსაც გადმოჰყავდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ბეოვიკები საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად) პრეზიდენტი მუსა შანიბოვი, რომელიც სექტემბერში დაკავებულ იქნა „ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების“ ბრალდებით. მისმა დაკავებამ ყაბარდო-ბალყარეთში არეულობები გამოიწვია. გათავისუფლების შემდეგ შანიბოვი აფხაზეთში გადმოვიდა. იმავე დღეს სეპარატისტების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ განაცხადა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების პროცესის შეჩერების შესახებ.[7]

29 სექტემბერს გავრცელდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომლითაც რუსეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეფასდა „საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად“. მან აღნიშნა, რომ ამ დადგენილებით ხაზი გადაესვა 3 სექტემბრის მოსკოვის შეთანხმებას. ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა რუსეთის უმაღლეს საბჭოს არ დაეშვათ „3 სექტემბრის ხელშეკრულების რევიზია“, რომელსაც მან მშვიდობის მიღწევის ერთადერთი საშუალება უწოდა.

გაზეთ „იზვესწიესთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის გენერალ-ლეიტენანტმა სუფიან ბაპაევმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა 3 სექტემბრის შეთანხმება და 30 სექტემბრისთვის გაიყვანა 1 200 ჯარისკაცი კონფლიქტის ზონიდან.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზური მხარე ფართომასშტაბიან შეტევაზე გადმოვიდა. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია „ავაზას“ ქვედანაყოფმაც. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე დაბა კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. რამდენიმე საათში აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს კოლხიდა დაეცა.

ამ დროს სოხუმში მიმდინარეობდა კონტროლისა და ინსპექციის კომისიის მეექვსე სხდომა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იური ვორობიოვი, საქართველოს დელეგაციას - ალექსანდრე კავკსაძე, გია ყარყარაშვილი, გივი ლომინაძე, გოჩა პაიჭაძე, ხოლო აფხაზურს - ვლადისლავ არძინბა.

ალექსანდრე კავსაძის თქმით, არძინბამ საქართველოს ბრალი დასდო შეტევის განხორციელებაში, ხოლო აფხაზური მხარის ქმედებებს „კონტრშეტევა“ უწოდა. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ არ დაურღვევია 3 სექტემბრის შეთანხმება და ქართული საჯარისო ნაწილები კონფლიქტის ზონიდან გაიყვანა. შედგა სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით საჯარისო ნაწილები უნდა დაბრუნებულიყვნენ საწყის პოზიციებზე, მეორე დილის 9 საათამდე უნდა აღდგენილიყო სტატუს-კვო. მიუხედავად ამისა, აფხაზურმა მხარემ არ შეასრულა პირობები და ბრძოლები მთელი ღამე გაგრძელდა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მტერი ქალაქ გაგრისკენ დაიძრა. დაუზუსტებელი ცნობით, ქალაქს უტევდნენ მამზიშთის მხრიდან, ზღვიდან და ტრასიდან. აიღეს პოლიციის შენობა. ცხრა საათზე აფხაზებმა რკინიგზის სადგური აიღო. 12 საათისა და 40 წუთისთვის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატს აკაკი გასვიანს პირველს შეატყობინეს, რომ კონფედერაციის ჯარებმა ჟოეკვარამდე - ქალაქის დასავლეთ ნაწილი - დაიკავეს. 18 საათსა და 48 წუთისთვის ქართველები უკვე დაბა ლესელიძისკენ იხედვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.

იმავე დღეს საქართველომ სახელმწიფო საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, რუსეთის უმაღლესი საბჭოს წაქეზებით აფხაზმა ექსტრემისტებმა და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულმა ტერორისტებმა კონფლიქტი აფხაზეთში ახალ უკიდურეს საომარ ფაზაში გადაიყვანეს. მისი თქმით, „აშკარად გამოიკვეთა რუსეთის პარლამენტის დეპუტატთა შეთანხმება აფხაზ ექსტრემისტებთან“. სახელმწიფო საბჭო გადავიდა საქმიანობის საგანგებო რეჟიმში. ედუარდ შევარდნაძე სოხუმში გაფრინდა.

აფხაზებმა გააგრძელეს წინსვლა, 5 ოქტომბერს აიღეს განთიადი და ლესელიძე და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი მდ. ფსოუს გასწვრივ. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი.

ქართველთა მასობრივი მკვლელობანი გაგრაში

რედაქტირება

გაგრის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა. დაქირავებულმა ტერორისტებმა ასევე გაიტაცეს არაერთი მშვიდობიანი ქართველი.

7 ოქტომბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ტრაგედიის თვითმხილველების მონათხრობები გაგრის მოვლენების შესახებ. შურა პეტრიაშვილი ბიჭვინთის ნავსადგურში ცოცხლად დამარხეს. სოფელ კოლხიდაში დატყვევებული ქართველი მეომარი აქციეს სამიზნედ და რიგრიგობით ესროდნენ, სანამ არ დაცხრილეს მთელი მისი სხეული. სეპარატისტებმა არ დაინდეს არც მოხუცები, დახვრეტილთა შორის იყვნენ 80 წლის გაგრის საკურორტო სამმართველოს ყოფილი უფროსი ბარამია, რომელიც ცოლთან ერთად მისსავე სახლში დახვრიტეს, 65 წლის გიორგი გეგეჭკორი, 60 წლის ინჟინერი მიხეილ ჯინჭარაძე, 65 წლის ეკონომისტი ილია ცაგარელი და მისი ვაჟი და სხვები. 5 ოქტომბერს მტრებმა დაბა ლესელიძეში აწამეს და ბოძებზე ჩამოახრჩვეს ორმოცდაათამდე ქართველი. ქალაქ გაგრაში დატყვევებული ქართველები გაგრის სტადიონზე შეკრიბეს და დახვრიტეს, რის შემდეგაც მათი გვამები დაწვეს.

ერთ-ერთმა ტერორისტმა, დაღესტანელმა მაგომედ მაგომედოვმა ქართველთა ტყვეობაში აღიარა და ახსნა-განმარტება დაწერა, რომ აფხაზეთის სახალხო პარტიის წევრები მათთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ქართველების აფხაზეთიდან „გარეკვის“ შემდეგ, მათ სახლებს საკუთრებაში გადასცემდნენ.

შეფასებები

რედაქტირება

6 ოქტომბერს ედუარდ შევარდნაძემ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც მან განაცხადა, რომ „სეპარატიზმის ახალი აფეთქება გამოიწვია რუსეთის პარლამენტის მიერ ამ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ და მის მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ“. მან ასევე განაცხადა, რომ გაგრაზე შეტევისას აფხაზებს ჰქონდათ უახლესი ტ-72 და ტ-80 ტიპის ტანკები, საჰაერო საზენიტო კომპლექსები, რომლებიც მანამდე მათ არსენალში არ იყო.

თბილისში მიტინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ „რუსეთის პარლამენტში მოკალათებული რეაქციული ძალები“, რომლებსაც სურდათ საბჭოთა კავშირის აღდგენა. მან ერთმანეთისგან გამიჯნა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომელიც მისი თქმით, წარმოადგენდა „დემოკრატიულ რუსეთს“ და ელცინისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი, რომლებსაც შევარდნაძემ უწოდა რუსეთის „რეაქციული, იმპერიული ძალები“. შევარდნაძის თქმით, „რეაქციული ძალები“ არ ჰპატიობდნენ მას საბჭოთა კავშირის დაშლაში მონაწილეობას. მან განაცხადა, რომ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის იმედი, „მე მჯერა ამ კაცის, მე არ მჯერა პარლამენტის იმ უმრავლესობის, თქვენ კარგად იცით, მე იქ ბევრი „მეგობარი“ მყავს იმათი, ვინც არ მაპატია და არ მაპატიებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, ევროპის განთავისუფლებას, გერმანიის გაერთიანებას“. შევარდნაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა აფხაზი ექსტრემისტების მიერ აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას: „სოხუმში მე ვთქვი, რომ ქართულ მიწაზე ვდგავარ. ეს ქართული მიწაა. თუ გნებავთ ცხოვრება, იცხოვრეთ, თუ არადა - წაბრძანდით, ისე კი ვერ წაიღებთ ერთ გოჯ მიწასაც კი“, - განაცხადა მან აფხაზი ექსტრემისტების მისამართით.

აგრეთვე იხილეთ

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Human Rights Watch Arms Project. Human Rights Watch/Helsinki. March 1995 Vol. 7, No. 7. Georgia/Abkhazia: Violations of the Laws of War and Russia’s Role in the Conflict
  2. დაღუპულთა და უგზოუკლოდ დაკარგულთა სტატისტიკური მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-25. ციტირების თარიღი: 2019-10-25.
  3. 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
  4. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 381-382
  5. Bennett, Andrew (1999). Condemned to repetition?: the rise, fall, and reprise of Soviet-Russian military interventionism, 1973-1996. MIT Press, გვ. 319. ISBN 9780262522571. 
  6. Chronology for Abkhazians in Georgia. Minorities at Risk Project (2004). ციტირების თარიღი: 1 April 2018
  7. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 382