ილია ჭავჭავაძის საზოგადოება

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება — პოლიტიკური პარტია საქართველოში.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება
ხელმძღვანელობა
ლიდერი თამარ ჩხეიძე
ისტორია
დაფუძნდა 31 ოქტომბერი, 1987
შტაბ-ბინა თბილისი
პარტიის ლიდერი თამარ ჩხეიძე
პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
  • ეკონომიკა: თავისუფალი მეწარმეობა, გადასახადების შემცირება, მიწაზე კერძო საკუთრება.
  • საგარეო პოლიტიკა: ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურტიერთობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. ყველასთან, რუსეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას შეესაბამება.
  • სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული
  • სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (დღეს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიის ადეკვატური დამცავი მექანიზმები და მოქმედებს ბელადომანიის მენტალიტეტი, საპარლამენტო მმართველობა მეტ შესაძლებლობასა ქმნის დემოკრატიის განვითარებისა და დაცვისთვის)
ბეჭდვითი ორგანო: „ივერია“, დაარსდა 1989 წ. (შეჩერებულია უსახსრობის გამო).

პარტია დაარსდა 1987 წლის 31 ოქტომბერს, პირველი რეგისტრაცია გაიარა 1990 წელს, ხელახალი რეგისტრაცია — 1998 წელს. დაარსების ინიციატორები იყვნენ გიორგი ჭანტურია, გურამ მამულია, მ. ქურდიანი, ც. არდაშელია. 1987 წლის ნოემბერში გამგეობამ მიმართა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს თხოვნით საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. საზოგადოება განაგრძობდა მოქმედებას, დაიწყო ე. წ. „სათვითგამო“ ჟურნალის „მოამბის“ გამოცემა.

1987 წლის 11 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მიღებულ საზოგადოების პროგრამაში ეწერა: „... ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიზანია, დაიცვას ქართველი ხალხის უფლებები და ინტერესები, იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და გაძლიერებისათვის, ამასთან გაითვალისწინოს არაქართველი მოსახლეობის უფლებები, საზოგადოების დევიზია: ენა, მამული, სარწმუნოება“.

1988 წლის მარტში ხელმძღვანელებს შორის დაწყებული უთანხმოების გამო მოხდა საზოგადოების გათიშვა და რეორგანიზაცია. მას გამოეყო ჯგუფი „მეოთხე დასი“ მ. კოსტავას, ზ. გამსახურდიას, გ. ჭანტურიას, ი. წერეთლის, თ. ჯანელიძისა და ი. ხუხუნაიშვილის შემადგენლობით.

1990 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „დემოკრატიული საქართველო“, მიიღო ხმების 2,3%, პარლამენტში ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარტიიდან. 1990 წელს წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობა, აფხაზეთში მდგომარეობის ნორმალიზაცია, ანტიქართული მოვლენების და ქართველთა ისკრიმინაციის ბლოკირება. ეთნოკონფლიქტების გაღვივებისათვის ხელის შეშლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადამიანის უფლებების დაცვა.

1992 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 5%, პარლამენტში ჰყავდა 7 წარმომადგენელი პარტიული სიით. 1992 წლის წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რუსეთის სამხედრო ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა საქართველოდან, თავისუფალი ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა.

1995 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1%. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი. 1995 წლის წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა საქართველოდან, თავისუფალი ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა.

1998 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველო — მერაბ კოსტავას საზოგადოება“.

1999 წლის წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, თავისუფალი ეკონომიკა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 56-57

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება