საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი (აფხაზეთი)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 19 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი აფხაზეთში (რუს. „Всесоюзный референдум о сохранении СССР“ в Абхазии) — 1991 წლის 17 მარტს აფხაზეთის ასსრ-ში ჩატარებული საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის ამკრძალავი დადგენილების მიუხედავად.

აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო, გაერკვია მოკავშირე რესპუბლიკებში ახალი საკავშირო ხელშეკრულების, კერძოდ — სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის (სსკ) შექმნის მიმართ დამოკიდებულება. აფხაზეთის ასსრ-ში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52.32% შეადგინა, რომლიდანაც დადებითად ხმა ელექტორატის 98.6 %-მა მისცა.

რეფერენდუმის საკითხი

რედაქტირება

აღნიშნულ საკავშირო რეფერენდუმზე ელექტორატს ევალებოდა გაეცა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე — „თვლით თუ არა აუცილებლობად, რომ შენარჩუნდეს საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკების კავშირი, როგორც განახლებული თანასწორუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების ფედერაცია, რომელშიც სრულად იქნება დაცული ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანის უფლებები?“ (რუს. «Считаете ли Вы необходимым сохранение Союза Советских Социалистических Республик как обновлённой федерации равноправных суверенных республик, в которой будут в полной мере гарантироваться права и свободы человека любой национальности?»).

სსკ-ს შექმნა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ნაკლებად ცენტრალიზებული მოდელის შექმნას. თუმცაღა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ამავდროულად მთლიანად საქართველოს სსრ-ში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის აო-ის ტერიტორიის გარდა) მსგავსი რეფერენდუმი არ ჩატარებულა.

გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“ 1991 წლის 1-2 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული იყო ინფორმაციები ახფაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიის მორიგი სხდომის შესახებ, რომლებშიც არაფერი არ თქმულა იმის შესახებ, რომ სესიაზე მიღებულიყო დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ არც სესიის დღის წესრიგის განხილვისას, არც მით უმეტეს, დღის წესრიგის დამტკიცებისას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საკითხი შეთავაზებული არ ყოფილა. როგორც გაირკვა, სესიის დამთავრების შემდეგ დღის წესრიგის დამატებით დაისვა ეს საკითხი. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი. მთელმა რიგმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს, მეორე ჯგუფმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ უზენაესი საბჭოს დადგენილება დეპუტატების გვერდის ავლით მაინც მიღებულ იქნა[კ 1]

შედეგები

რედაქტირება
გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 164,231 99.06
წინააღმდეგი 1,566 0.94
დაზიანებული/ცარიელი ბიულეტენები 747
ჯამში 166,544 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 318,317 52.32
წყარო: RRCდაარქივებული 2015-05-29 საიტზე Wayback Machine.

შემდგომი განვითარება

რედაქტირება

1991 წლის 22 მარტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ბათილად სცნო აფხაზეთში საკავშირო რეფერენდუმის შედეგები[კ 2].

ვლადისლავ არძინბა თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მაშინდელი მთავრობისაგან არსებობდა რეფერენდუმის მასალების ხელში ჩაგდების საშიშროება, წინასწარი თადარიგის დაჭერით მასალები ადრევე გადაიგზავნა სსრკ ცსკ-შიო.

12 სექტემბერს გაზეთ „Свободная Грузия“-ში, გამოქვეყნდა საქართველოს პროკურორის წერილი სსრკ ცსკ-ს თავჯდომარის ვ. ორლოვის მიმართ, რომელშიც იგი სთხოვდა რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობას.

წლის ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო, სსრკ სახალხო დეპუტატთა ბოლო კრებაზე ორლოვმა საქმის კურსში ჩააყენა არძინბა, რომ აპირებდა რეფერენდუმის შედეგების გადაცემას თბილისისთვის. აღნიშნულის უფლება არძინბამ არ მისცა და მისი დამხმარის ხელით გამოითხოვა ცსკ-დან რეფერენდუმის მასალები და გაანადგურა[1].

რესპუბლიკებში რომელშიც ჩატარდა რეფერენდუმი, ამომრჩეველთა უმრავლესობის სურვილით დადგინდა სსკ-ს შექმნა, თუმცა მის შესრულებას ხელი შეუშალა ჯერ 1991 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოსკოვის პუტჩმა, ხოლო შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამ 26 დეკემბერს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

    აფხაზეთი მრავალეროვნული რესპუბლიკაა. მასში მშვიდობა და შეთანხმებულობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ხალხების აზრების გათვალისწინებისა და ერთობლივი ძალისხმევის გზით.

    „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ შესაბამისად ყოველ მოქალაქეს მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფლება იმისა, რომ გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ საარსებოდ მნიშვნელოვან საკითხზე.

    ამიტომ მოქალაქეთა მონაწილეობა სსრ კავშირის სრულიად საკავშირო რეფერენდუმში მათი განუყოფელი უფლებაა.

    ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭო ადგენს:

    1991 წლის 17 მარტს მივიღოთ მონაწილეობა სრულიად საკავშირო რეფერენდუმში სსრ კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხზე.

    დაეკისროს სსრკ სახალხო დეპუტატების არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარება სსრ კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხზე.

    დაეკისროს ქალაქების სოხუმის, გაგრის, ტყვარჩელის, ასევე გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის რაიონების საუბნო საარჩევნო კომისიებს სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების საუბნო საარჩევნო კომისიების მოვალეობა.

    რესპუბლიკურმა ცენტრალურმა საარჩევნო კმისიამ შექმნას საარჩევნო კომისიები სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩასატარებლად ოჩამჩირისა და გალის რაიონებში.

    ეს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან.

    აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვ. არძინბა.

    ქ. სოხუმი. 1991 წლის 28 თებერვალი
    (გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №37 (13403), 5 მარტი, 1991.)
  2.  
    „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 28 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარებულიყო 1991 წლის 17 მარტს დანიშნული სსრ კავშირის რეფერენდუმი. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.

    მიუხედავად ამისა 1991 წლის 17 მარტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში, აგრეთვე ქ. ცხინვალში, ჯავის რაიონში, აფხაზეთის ასსრ ზოგიერთ რაიონში მაინც ჩატარდა სსრ კავშირის რეფერენდუმი, ხოლო №699 სოხუმის საარჩევნო ოლქში გაიმართა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნებიც.

    კენჭისყრის დროს უხეშად დაირღვა „საერთო სახალხო კენჭისყრის (სსრკ რეფერენდუმის) შესახებ“ და „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ სსრ კავშირის კანონთა მოთხოვნები, აგრეთვე საარჩევნო უბნებისა და საარჩევნო კომისიების შექმნის კანონით დადგენილი ვადები და წესი, ზოგან კი საარჩევნო კომისიებს არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა; ამასთან, ამომრჩეველთა სიებში არ შეიტანეს აფხაზეთის ასსრ გალის რაიონის ამომრჩეველთა გვარები, რომელთა რიცხვი 30 ათასზე მეტია.

    აღნიშნული ფაქტების შესწავლას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, რაც შეჩერებულ იქნა სსრ კავშირის გენერალური პროკურორის მითითებით.

    საქართველოს რესპუბლიკის უზენიესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

    1. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 77-ე მუხლის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 16 მარტის დადგენილების შესაბამისად აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში 1991 წლის 17 მარტს გამართული სსრ კავშირის რეფერენდუმისა და №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნებეს შედეგები ჩაითვალოს იურიდიული ძალის არმქონედ.
    2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულე სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები არ ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგებად, ვინაიდან საქირთველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას არ აქვს საარჩევნო უფლება.
    3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის გენერალური პროკურორის წენაშე, რათა შეისწავლოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების მიმდინარეობისას კანონით, დადგენილი ნორმების უხეში დარღვევების ფაქტები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
    4. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არხევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს გამართული არჩევნების შედეგები დი დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
    5. დაისვას საკითხი სსრ კავშირის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები.“
  1. Ардзинба В. «Моя жизнь» - Воспоминания, Сух., 2018. ст., 162-163