ვლადისლავ არძინბა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ვლადისლავ არძინბა (აფხ. Владислав Григори-иԥа Арӡынба; დ. 14 მაისი, 1945, სოფელი ეშერა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 მარტი, 2010, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — აფხაზი პოლიტიკოსი. საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ხეთოლოგი; სკკპ წევრი (1967). აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1988-1992), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1989-1991), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1992-1994) და პრეზიდენტი (1994–2005).
ვლადისლავ არძინბა აფხ. Владислав Арӡынба | |
სეპარატისტული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ნოემბერი 1994 – 12 თებერვალი 2005 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | სერგეი ბაღაფში |
სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი 1992 – 26 ნოემბერი 1994 | |
მემკვიდრე | სოკრატე ჯინჯოლია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 დეკემბერი 1990 – 23 ივლისი 1992 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივნისი 1989 – 26 დეკემბერი 1991 | |
დაბადებული | 14 მაისი, 1945 ეშერა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 4 მარტი, 2010 მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა | აფხაზეთის რესპუბლიკა |
ეროვნება | აფხაზი |
მეუღლე | სვეტლანა ჯერგენია |
შვილები | მადინა |
პროფესია | პედაგოგი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადისლავ არძინბა დაიბადა 1945 წლის 14 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში გრიგოლი არძინბასა და ნაძეჟდა იაზიჩბას ოჯახში. არძინბას მამა, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, იყო სოფელ ეშერის საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო 1948 წლიდან იმავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. იქვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა არძინბას დედაც. ვლადისლავ არძინბამ დაწყებითი განათლება რუსულ საშუალო სკოლაში მიიღო.
1966 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის მიმართულებით. იმავე წელს სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტურაში, სადაც 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1985 წელს — სადოქტორო დისერტაცია (თსუ-ში) მცირე აზიის ძველი ხალხების ისტორიასა და კულტურაზე.[1] 1969-1987 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობის დროს ცხოვრობდა მოსკოვში. 1988-1989 წლებში იყო აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი.
1988 წლის 31 ოქტომბერს (26 ივლისს კენჭი იყარა ახლადგარდაცვლილი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ გ. ძიძარიას საარჩევნო ოლქში) აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დადგენილებით ცნო ვლადისლავ არძინბას დეპუტატობის მანდატი. იმავე დღეს, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათაშორისი დამოკიდებულებისა და მოსახლეობის ინტერნაციონალური აღზრდის საკითხების მუდმივი კომისია“, რომლის თავმჯდომარედ ვ. არძინბა იქნა არჩეული[2].
1989 წლის 26 მარტს ვ. არძინბა მონაწილეობდა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში აფხაზეთის ასსრ-ის №486 გუდაუთის საქალაქო საარჩევნო ოლქიდან (ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქიდან). 25 მაისს დეპუტატად არჩევის შემდეგ, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში.
1989 წლის 2 ივნისს ვ. არძინბა აფხაზეთის სხვა დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, სადაც 10 წუთიანი გამოსვლით ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე[3][4].
უმაღლეს საბჭოში მან აირჩია ნაციონალური პოლიტიკის კომისიაში მუშაობა, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა გ. ტარაზევიჩი. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან სსრკ-ს ავტონომიური ერთეულების უფლებების გასაზრდელად კანონში 50-მდე ცვლილება შეატანინა, რის გამოც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების იყო ყველა მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელობა. მას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ. გორბაჩოვთანაც.
არძინბა, როგორც სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის თანამოაზრე, ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციას წარმოადგენდა, რომელიც პერესტროიკის ერთ-ერთი ლიბერალი დამცველი იყო, არძინბა კი მოსკოვის ყველაზე რეაქციულ ძალებს უჭერდა მხარს.
1990 წლის 17 ნოემბერს თავის გამოსვლაში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე დეპუტატმა ვლადისლავ არძინბამ, დაეყრდნო რა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 1990 წლის 25 აგვისტოს მიღებულ დეკლარაციას, განაცხადა, რომ აფხაზეთს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, განზრახული აქვს საკავშირო გამოვიდეს საბჭოთა ფედერაციის სუბიექტის სახით სსრ კავშირის სხვა სუბიექტებთან თანასწორად, მონაწილეობა მიიღოს სამოკავშირეო ხელშეკრულების შემუშავებასა და დასკვნაში[5].
1990 წლის 4 დეკემბერს კი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული[6].
იმ დროისთვის აფხაზეთის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოს ვადა, ჯერ კიდევ 1990 წლის თებერვალში ჰქონდა ამოწურული, ამიტომ დეპუტატებს უფლებამოსილება 1991 წლის 1 ოქტომბრამდე გაუგრძელდათ. მას შემდეგ, რაც არძინბა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ის ცდილობდა აფხაზეთის დამოუკიდებლად მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. 1991 წლის 29 სექტემბერს გაიმართა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ იმდროინდელი კანონების უგულვებელყოფით გამოაცხადა აფხაზეთის რესპუბლიკა, რომლის მთავრობის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარედ არძინბა დაინიშნა. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს ის იყო აფხაზეთის არმიის სამხედრო სარდალი. 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. იმავე დღესვე საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადისლავ არძინბა არჩეულ იქნა სეპარატისული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად, ხოლო 1994 წლის 6 ნოემბერს მოხდა მისი ინაუგურაცია. 1999 წლის 3 ოქტომბერს პირდაპირი არჩევნების გზით მეორე ვადით იქნა არჩეული და თანამდებობაზე დარჩა 2005 წლის იანვრამდე.
არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც მონო-ეთნიკური იყო და მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისაგან შედგებოდა. ამის გარდა კონსტიტუციაში გაიწერა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ეროვნებით აფხაზის წინაპირობას.
ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირება1972 წელს დაქორწინდა სვეტლანა ჯგერენიაზე, რომლისგანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი — მადინა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Умер Владислав Ардзинба
ლიტერატურა
რედაქტირება- Владислав Ардзинба, «Моя жизнь», Сухум, 2018
- Cornell, Svante E, Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Case in Georgia, p.168. Department of Peace and Conflict Research, Report No. 61. Uppsala
- Kaufman, J. Stuart, Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War, p. 117. Cornell University Press, New York, 2001
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Condolences on the death of Vladislav Ardzinba en-gb. Abkhaz World. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №210 (12826), 3 ნოემბერი, 1988
- ↑ Съезд народных депутатов СССР, бюлетень №9, часть 1, от 2 июня 1989 года. с. 46-52
- ↑ «Известия», №155, 4 июня 1989 года
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1 დეკემბერი, 1990
- ↑ ყოლბაია ვ., ჭახრაკია თ., გელანტია რ., ლაცუზბაია დ., აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში - I (1989-1999), თბილისი, 2000, გვ. 6