ბაგრამიანის ბატალიონი

ბაგრამიანის ბატალიონი (სომხ. Բաղրամյան) – იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში (1993 წლის 9 თებერვალს) ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია „კრუნკის“ ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და აფხაზურ მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.

ბაგრამიანელი სომეხი სოხუმის დაცემის დღეს ებრძვის ქართულ შენაერთებს

გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილე გახდა, 1992 წ. 15 აგვისტოს 200 სომეხი მზად იყო საომრად. მათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გუდაუთის რაიონ სოფ. შიცკვარაში (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში). შემდგომ 1993 წ. 5 იანვარის სოხუმზე განხორციელებულ შეტევაში გენა ჭანბას ასეულის შემადგენლობაში იბრძოდა სომეხთა ოცეული. აქ მათ დანაკარგები ნახეს მოკლულთა და ტყვეთა სახით.

ბაგრამიანის ბატალიონში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რაიონებსა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები. მეთაურად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი, ხოლო შტაბის უფროსად — პოლკოვნიკი ლეონიდ მარქარიანი. აღნიშნულმა ბატალიონმა თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები (მაგ., ყოფილი გაგრელი სერგეი ჩაკრიანი და სხვ.).

განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული (მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი), რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. აქტიურობდა აგრეთვე ეს ბატალიონი სოხუმის რაიონ სოფ. ცუგუროვკავთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.

სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც: პირველ მსროლელთა, მეორე მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის, ეშერა-ათონის, ბიჭვინთის, გაგრის ასეულში „აძაფშ“.

სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა. მათგან 140 დაიღუპა. საბრძოლო დამსახურებებისათვის 11 სომეხს მიენიჭა ე.წ. აფხაზეთის გმირის წოდება (კ. გურგენიანი, გ. ტრაპიზონიანი, ა. ისხანიანი, ს. კირაკოზიანი, ა. ასატურიანი და სხვ.), 5 დაჯილდოვდა „ლეონის ორდენით“, ხოლო 10 — მედლით „მამაცობისათვის“.

სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.[1][2]

  1. დავით ლაცუზბაია, ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი, – თბილისი, „არხატი“, 1999.
  2. Когда засада является целью жизни დაარქივებული 2012-07-18 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Серги Саджая