ტყვარჩელი
ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал; ქართ. ტრანს. ტყჿარჩალ) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ტყვარჩელი Тҟәарчал | |||
ტყვარჩელის ხედი გრესის ფონზე | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირე | ||
კოორდინატები | 42°51′00″ ჩ. გ. 41°41′00″ ა. გ. / 42.85000° ჩ. გ. 41.68333° ა. გ. | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1942 | ||
ფართობი | 16,85 კმ² | ||
კლიმატის ტიპი | სუბტროპიკული | ||
მოსახლეობა | 4800 კაცი (2003) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +995 446[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 7200[2] | ||
საავტომობილო კოდი | ABH | ||
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი გაშენებულია მდინარე ღალიძგაზე, მდინარის გასწვრივ 17 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში. თბილისიდან რკინიგზით დაშორებულია 377 კმ-ით, სოხუმიდან 80 კმ. არის ოჩამჩირე-ტყვარჩელის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტი.
ისტორია
რედაქტირებაქალაქის წარმოშობა განაპირობა მის მიდამოებში ქვანახშირის საბადოს არსებობამ. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას იგეგმებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, რა მიზნითაც შეიქმნა იტალიურ-ქართული კონცენს, რომელსაც ტყვარჩელის საბადოები 45-წლიანი ვადით გადაეცა. 1935 წლიდან დაიწყო. ქვანახშირის მოპოვება და გაჩნდა დასახლება. 1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით სოფელი აკარმარა გამოეყო ტყვარჩელის სადაბო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა აკარმარის სადაბო საბჭო[3]. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანიის ხელში გადასვლის გამო ტყვარჩელმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს და მოიცვა დასახლებები კვეზანი, აკარმარა და ჯანტუხა.
1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა.[4] ტყვარჩელის ბრძოლა მიმდინარეობდა 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტობრივად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობით ტყვარჩელი ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრია 1995 წლიდან.
ინდუსტრია
რედაქტირებაქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან. მოქმედებდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომლის პროდუქცია მთლიანად ეგზავნებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. მოქმედებდა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური, რომელიც ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს ელექტროენერგიით ამარაგებდა. 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო ის ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს. 1978 წლიდან მუშაობდა დოლომიტის მომპოვებელი საწარმო. ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები.
ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურულია და ქვანახშირს მოიპოვებს თურქული კომპანია „თამსაშ“ (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75 % შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ.[5]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
---|---|---|---|---|
1876[6] | 1139 | |||
1893[7] | 1426 | აფხაზები | ||
1989[8] | 21 744 | აფხაზები (42,3 %), რუსები (24,5 %), ქართველები (23,4 %) | ||
2003[9][10] | 4786 | |||
2011 | 5013 |
კურორტი
რედაქტირებატყვარჩელი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,5 °C, იანვრისა 2,1 °C, ივლისისა 20,7 °C. ნალექები 2300 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია თერმული ქროლიდურ-სულფატური კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის საყრდენ-სამოძრაო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა 3 საავადმყოფო, სანატორიუმი, სააბაზანო და პანსიონატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაოშვილი ვ. უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №266 (364), 21 ნოემბერი, 1938
- ↑ http://www.hrw.org/reports/pdfs/g/georgia/georgia953.pdf : Human Rights Watch. VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT, page 39
- ↑ თურქულ ტამსაშს ქვანახშირის წარმოების გაგრძელება შეუძლია აფხაზეთში თუ დაიცავს ეკოლოგიის მოთხოვნებს დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. 09/11/2006 18:00, აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ აფხაზეთის ცენზის სტატისტიკა (რუს.)
- ↑ Отчет миссии ПРООН по изучению возможностей Гальского района и смежных с ним территорий Абхазии, Грузия, Апрель 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-25. ციტირების თარიღი: 2007-09-02.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-09-02.