თენგიზ კიტოვანი (დ. 9 ივნისი, 1938, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. გენერალი.

თენგიზ კიტოვანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 8 მაისი, 1992
მმართ. დასასრული: მაისი, 1993
წინამორბედი: ლევან შარაშენიძე
მემკვიდრე: გიორგი ყარყარაშვილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივნისი, 1938 (1938-06-09) (85 წლის)
დაბ. ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
მოღვაწეობა: 1990-1995
წოდება: გენერალი
მეთაურობდა: საქართველოს ეროვნულ გვარდიას
ბრძოლები/ომები: აფხაზეთის ომი
საქართველოს სამოქალაქო ომი
ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

იყო პროფესიით მოქანდაკე და საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას სკოლის მეგობარი. ადრეულ ასაკში იყო დაპატიმრებული. ცნობილი იყო „ბატიას“ ანუ „პატარა მამის“ მეტსახელით.[1]

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. არ დაემორჩილა გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 98, ISBN 978-9941-0-5972-8.
  2. იქვე, გვ. 113