შოთა გორგოძე
შოთა ვარლამის ძე გორგოძე (დ. 10 ნოემბერი, 1931[1] (ზოგი წყაროთი — 1932), სოფ. ზედა ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 2020, თბილისი) — ქართველი შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1988).
შოთა ვარლამის ძე გორგოძე | |
საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 იანვარი, 1986 – 23 ნოემბერი, 1990 | |
წინამორბედი | გურამ გვეტაძე |
მემკვიდრე | დილარ ხაბულიანი |
დაბადებული | 10 ნოემბერი, 1931 სოფ. ზედა ილემი, ზესტაფონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 1 მარტი, 2020 (88 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
წოდება | შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშოთა გორგოძე დაიბადა 1931 წლის 10 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში, გლეხის ოჯახში. 1947 წელს დაამთავრა ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ქარხანა „ელექტროგამშვებში“ უფროს ოსტატად, შემდეგ დაწინაურდა ჯერ საამქროს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად. 1963-1965 წლებში შოთა გორგოძე მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის ორგანიზაციის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად.
1965 წლის დეკემბერში შოთა გორგოძე სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროში, სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1971 წლის თებერვლიდან საქართველოს შსს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 1972 წლის აგვისტოში ამავე სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის 1978 წლის 7 მარტამდე მუშაობდა. 1978 წლის 7 მარტიდან 1986 წლის 21 იანვრამდე შოთა გორგოძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ. ამ პერიოდში ის აქტიურად მონაწილეობდა სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საქმიანობაში, რამაც დიდად შეუწყო ხელი თბილისის „დინამოს“ 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვებას, 1979 წლის საბჭოთა კავშირის თასის, ხოლო 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას. 1979 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორის წოდება. 1986 წლის 21 იანვრიდან 1990 წლის 22 ნოემბრამდე შოთა გორგოძე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. 1988 წლის 30 აპრილს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1989 წლის 9 აპრილს ქართული მილიცია შოთა გორგოძის მეთაურობით იდგა რუსთაველის პროსპექტზე, რამაც თავიდან აგვაცილა უფრო დიდი მსხვერპლი. 1994 წლის ივნისიდან 2000 წლის აგვისტომდე შოთა გორგოძე იყო საქართველოს შს სამინისტროს უმაღლესი სკოლის, შემდეგ კი საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. 2001 სექტემბრიდან თადარიგშია. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიების წევრი.
დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი, მათ შორის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003), ღირსების ორდენითა და მედლებით. 1981 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. შს ორგანოებში მუშაობის პერიოდში წახალისებული იქნა 31-ჯერ.
შოთა გორგოძე გარდაიცვალა 2020 წლის 1 მარტს.[2] დაკრძალულია წავკისში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 104.
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 85-86, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 შოთა გორგოძე (1931-2020). geonecropol.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2022
- ↑ „გენერალი შოთა გორგოძე გარდაიცვალა“. INFO POSTALIONI. 1 მარტი, 2020. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)