გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში. ფართობი 13 ათ. ჰა. დაარსდა 1941 წელს (გაუქმდა 1951, აღადგინეს 1976).

ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ხეობებითა და მდინარეებით დასერილი. ნაკრძალის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შესწავლა. ტყის მცენარეულობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით (ზღვის დონიდან 200 მ-იდან 1800-2000 მ-მდე) იცვლება. გავრცელებულია უმთავრესად წიფლის, წაბლის, სოჭისა და სუბალპური მეჩხერი ტყის ფორმაციები. ტყის ძირითადი ჯიშებია: წიფელი, სოჭი, ნაძვი, ცაცხვი, ნაკერჩხალი, იფანი, მუხა, მურყანი, უთხოვარი; ქვეტყეში იზრდება ბზა, წყავი, შქერი. ცხოველებიდან გვხვდება არჩვი, შველი, დათვი, გარეული ღორი, წავი, თეთრი და ყვითელგულა კვერნა, მგელი, მელა, ციყვი, მაჩვი, გარეული კატა. ფრინველებიდან: როჭო, შავი შაშვი, კოდალა და სხვა. მდინარეები მდიდარია კალმახით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება