შქერი (ლათ. Rhododendron ponticum) — მარადმწვანე მაღალი, ზოგჯერ ნახევრად გართხმული ბუჩქი მანანასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 3-4 მ. ტყავისებრი მოგრძო ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ ლამაზი მოიისფრო მეწამული ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ, თუ თბილი შემოდგომაა, მერედ აყვავდება ხოლმე ოქტომბერშიც.
უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში — კოლხეთში. მესამეული ფლორის რელიქტია. იზრდება ქვეტყედ, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე, ფოთლოვან ტყეებში; ხშირად ქმნის თავისებურ ფორმაციას — შქერიანს. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. დეკორატიული მცენარეა.