სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — სახელმწიფო ქართული თეატრი სოხუმში. ქართველ სცენის მოყვარეთა სპექტაკლები სოხუმში იმართება 1885 წლიდან. ორგანიზატორი და მონაწილენი იყვნენ მ. დადიანი-ანჩაბაძე, შ. დადიანი, ძ. ლოლია და სხვები. წარმოდგენები 1889 წლიდან სცენის მოყვარეთა ძალებით იმართებოდა, 1911 წლიდან ნახევრად პროფესიული თეატრი გახდა, 1928 წლიდან პროფესიული.

1911 წლიდან „დრამატული ხელოვნების მოყვარეთა წრის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა დასი, რომელსაც შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. დასში შედიოდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ვასო აგულიშვილი, მოგვიანებით ეველინა წუწუნავა და დავით კობახიძე. დასი თანამშრომლობდა ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდთან. დასის მუშაობას ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება და მისი გამგეობა. გამგეობის ხელმძღვანელი იყო მარიამ (მაშო) დადიანი-ანჩაბაძისა. შ. დადიანის წასვლის შემდეგ დასი დაიშალა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები. მოგვიანებით, სოხუმის დრამატული დასი და სოხუმის სახალხო უნივერსიტეტი გაერთიანდა და დაერქვა „სოხუმის სახალხო უნივერსიტეტთან არსებული ქართული დრამატული სექცია“. 1914 წლიდან თეატრალური მუშაობა შეფერხდა, თუმცა წარმოდგენები მაინც იმართებოდა. რეჟისორი იყო ი. ბარველი. მსახიობები: ნატალია ჯავახიშვილი და მიხეილ სულთანიშვილი.[1]

1918 წლიდან თეატრის რეჟისორად ზაქარია ურუშაძე დაინიშნა. დაიდგა შ. დადიანის „შვილი ან სიყვარული“. 1920 წლის 20 ნოემბერს ჰაჯიბეგოვის „არშინ მალ ალან“ დაიდგა ქართულ, რუსულ, სომხურ და თურქულ ენებზე; 1920 წლის 8 ნოემბერს ერთაწმინდელის „სიკვდილით დასჯა“, დ. აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“. 1920-1921 წლის სეზონი რეჟისორ მ. ქორელის ხელმძღვანელობით დაიწყო. დასში შედიოდნენ: ნუცა ჩხეიძე, ნიკო გოძიაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე მგალობლიშვილი. ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დასთან ერთად მათ დადგეს დ. ერისთავის „სამშობლო“, ენგელის „ზღვასთან“, ალ. ყაზბეგის „არსენა“, სუვარინინის და ბურენინის „მედეა“, ნ. შიუკაშვილის „ციცინათელა“, ვ. შალიკაშვილის „უნიადაგო“ და სხვა.[1]

1922 წელს შეიქმნა სცენისმოყვარეთა ქართული დრამატული კოლექტივი (ხელმძღვანელი მ. ხერხეულიძე), სადაც პროფესიონალი მსახიობებიც მოღვაწეობდნენ. რეპერტუარში იყო ე. ნინოშვილის „ქრისტინე“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, ა. ცაგარელის „ხანუმა“ და სხვები. 1928 წელს გაიხსნა სოხუმის თეატრი თავისი მუდმივი პროფესიული ქართული და აფხაზური დასებით (ქართულ დასის ხელმძღვანელი დ. ძნელაძე). ამავე წლიდან ქართული დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მოწველ იქნა რეჟისორი ვ. გარიკი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოხუმის ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში. ქართული დასის პირველი წარმოდგენა იყო ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“.[2]

შემდგომ წლებში იდგმებოდა ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, ვოინიჩის „კრაზანა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ვ. კირშონის „პური“ და სხვ. სხვადასხვა დროს აქ მუშაობდნენ რეჟისორები კ. ანდრონიკაშვილი, ს. ჭელიძე, ვ. ყუშიტაშვილი, გ. ვასაძე, ლ. პაქსაშვილი, დ. კობახიძე და სხვ. მსახიობები ც. ამირეჯიბი, ი. დონაური, თ. ჭავჭავაძე, მ. გამრეკელი, ვ. არაბიძე, ნ. მიქაშავიძე, ლ. ჭედია და სხვ., მხატვრები დ. მირიანაშვილი, ნ. ყაზბეგი და სხვ. (იხ. § დასი). 1979 წლიდან აფხაზური და ქართული დასები დამოუკიდებელ თეატრებად ჩამოყალიბდნენ.[2] ქართულმა დასმა 1982 წელს ახალ შენობაში განაგრძო მუშაობა. 1983 წელს ქართულ თეატრს მიენიჭა ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახელი.[3] თეატრის საბჭოთა ეპოქის ბოლო წლების საუკეთესო დადგმებია: ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“, ა. ჩხაიძის „მიღების დღე“, „ნუ გეშინია, დედა“, „მარადისობის კანონი“ (ნ. დუმბაძის მიხედვით), „მთვარის მოტაცება“ (კ. გამსახურდიას მიხედვით), მოლიერის „ძალად ექიმი“ და სხვ. თეატრმა გასტროლები გამართა თბილისში, ქუთაისში, ოდესაში, ნიკოლაევში და სხვ. 1984 წელს დასში ირიცხებოდნენ: სსრკ სახალხო არტისტი მ. ჩუბინიძე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტები თ. ბოლქვაძე, ნ. ყიფიანი, თინათინ ბაბლიძე, ფლორა შედანია, ბ. თოფურიძე და სხვ.[2]

აფხაზეთის ომის დროს თეატრის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. ომის შემდეგ, ქართულ მოსახლეობასთან ერთად, სოხუმის ქართული თეატრიც დევნილობაში აღმოჩნდა. თეატრი შეიფარა თბილისის თეატრებმა: რუსთაველის, შემდეგ მარჯანიშვილის და სხვ. 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის თეატრს გადასცა შენობა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი, მოგვიანებით — საკუთარი სცენაც.[3]

დღეს თეატრი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.[4]

სხვადასხვა დროს სოხუმის ქართულ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ:[3]

რეჟისორები: დ . ძნელაძე, კ. ანდრონიკაშვილი, გ. ჟურული, ბ. გამრეკელი, გ. გაბუნია, ლ. ჭედია, ს. ჭელიძე, გ. სულიკაშვილი, ბ. ტორონჯაძე, ვ. ყუშიტაშვილი, მ. კუჭუხიძე, ს. მრევლიშვილი, დ. კობახიძე, დ. ცისკარიშვილი, ა. ქუთათელაძე, ი. კაკულია, გ. ქავთარაძე, გ. ლორთქიფანიძე, რ. სტურუა, დ. ალექსიძე, თ. ჩხეიძე, გ. ჟორდანია, გ. სიხარულიძე, დ. საყვარელიძე, ბ. ქავთარაძე, გ. კაპანაძე, კ. აბაშიძე, ნ. ქანთარია და სხვები.

მსახიობები: ი. ზარდალიშვილი, ე. ანდრონიკაშვილი, ვ. ურუშაძე, ც. ამირეჯიბი, ი. დონაური, ვ. დოლიძე, მ. გაგნიძე, ტ. ხორავა, ო. კანდელაკი, თ. მელაძე, კ. ბოკუჩავა, ქ. დოლიძე, მ. ჩუბინიძე, ნ. მიქაშავიძე, ფ. შედანია, ნ. ყიფიანი, თ. ბოლქვაძე, ი. ოქროპირიძე, ე. საყვარელიძე, ნ. ქაროსანიძე, ბ. თოფურიძე, ნ. მასხულია, კ. ლაფერაძე, ო. კობერიძე, ს. ყანჩელი, ლ. ფილფანი, ბ. ზაქარიაძე, მ. თბილელი, გ. ბერიკაშვილი, თ. არჩვაძე, მ. მებურიშვილი, თ. ბაბლიძე, ლ. მიქაშავიძე, გ. რატიანი, ს. პაჭკორია, ბ. წიფურია, გ. რატიანი, ე. საყვარელიძე, ბ. ბექაური, დ. ჯაიანი, ნ. წერედიანი, ვ. არღვლიანი, ნ. ყურაშვილი, გ. სირაძე, ბ. ქარჩავა, ლ. ხურითი, ნ. ხურითი, ჯ. ჯანდიერი, მ. ყოლბაია, ჯ. პაკელიანი, მ. ბრეკაშვილი, კ. შარაბიძე, ლ. შარაბიძე, მ. სოლომონია, ნ. ჩიქოვანი, ნ. წერედიანი, ე. ხვიჩია, ნ. შავგულიძე, გ. გასვიანი, დ. ბერაძე, ს. ძაძამია, ე. არჩაია, პ. ვახტანგიშვილი და სხვები.

მხატვრები: დ. მირიანაშვილი, ე. ახვლედიანი, ნ. ყაზბეგი, ა. ვერულაშვილი, შ. ხუციშვილი, თ. ნინუა, ჯ. ფაჩუაშვილი, ა. ნინუა და სხვები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 415.
  2. 2.0 2.1 2.2 ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 503-504.
  3. 3.0 3.1 3.2 თეატრის შესახებ ka-GE. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2023
  4. სოხუმის დრამატული თეატრი ka. theatrelife.ge. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2023