სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირეჯიბი.

ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული ამირეჯიბი (დ. 6 მარტი[ ძვ. სტ. 22 თებერვალი] , 1889, სოფ. ხურვალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ნოემბერი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950).

ცაცა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1889
ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი
გაუჩინარდა 17 ნოემბერი, 1975 (86 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950)

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლა დაიწყო თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში. 1906 წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია და შემდეგ 1943 წლამდე მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1932 წლიდან სახკინმრეწვის (ახლანდელი კინოსტუდია „ქართული ფილმის“) მსახიობია. ამირეჯიბი ასრულებდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს: ქეთევანი (რაფიელ ერისთავის „სამშობლო“), თამარი (კოტე მესხის „შოთა რუსთაველი“), ზეინაბი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ფატი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“), კრუჩინინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ლედი მაკბეტი (უილიამ შექსპირის „მაკბეტი“). როლები კინოში: კნეინა („ნახვამდის“, 1934), დედა („არშაულა“, 1935), მარიკა - ზურიკოს დედა („არსენა“, 1937), ალიმბეკის და (ფატიმა, (1958) და სხვა. ამასთან ერთად იგი მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში. სამსახიობო კარიერის პარალელურად ცაცა ამირეჯიბი, მთელი ოცი წლის მანძილზე დაუცრომელად იღწვოდა რადიოშიც. ამასთანავე იგი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას. დაჯილდოვებული იყო მთავრობის ჯილდოებით და საპატიო სიგელებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 44, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება