სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძნელაძე.

დავით (დუდე) ყარამანის ძე ძნელაძე (დ. 1 ნოემბერი, 1889, ხაშური — გ. 12 დეკემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება ხაშურში მიიღო. სწავლობდა თბილისის რეალურ, ხოლო შემდეგ მოსკოვში, კომერციულ სასწავლებელში. გაიტაცა თეატრალურმა ცხოვრებამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი საქმიანობა. მან მთელი შეგნებული ცხოვრება თეატრს დაუკავშირა.

1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წარმართა ხაშურის სცენისმოყვარეთაა წრის მუშაობა, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა. შემდეგ მისი მოღვაწეობის ასპარეზია ქუთაისი, თბილისი, აჭარა და კვლავ ხაშური. აქ დავით ძნელაძემ პირველად დადგა უ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ-ალან“.

1927 წელს დ. ძნელაძე მიავლინეს სოხუმში, სადაც დააარსა ქართული თეატრი. მალე იგი კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისის თეატრში ჩამოიყვანა მსახიობად. პარალელურად მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში: „იბრაგიმ და გოდერძი“, „ჯანყი გურიაში“, „ღრუბელთა თავშესაფარი“ და სხვა.

დ. ძნელაძე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი 18 წლის მანძილზე იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში და შეთავსებით ეკავა თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი და დადგა 50-მდე სპექტაკლი.

დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 401, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება