ქუთაისის დრამატული თეატრი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრი.
მესხიშვილის თეატრი | |
---|---|
მესხიშვილის თეატრის შენობა 2010 წელს. | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო[1] |
მდებარეობა | ქუთაისი, საქართველო |
მისამართი | ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი №1, ქუთაისი[1] |
კოორდინატები | 42°16′20″ ჩ. გ. 42°42′19″ ა. გ. / 42.272389° ჩ. გ. 42.705500° ა. გ. |
მფლობელი | საქართველოს მთავრობა |
დაიწყო | 1861 |
დასრულდა | 1955 |
1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.[2] 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. შემდგომ წლებში გაიხსნა კიდევ რამდენიმე მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ნათელა საღარაძის (2014), ლამარა ვაშაკიძის (2014), გიზო კაკაურიძის (2024).
ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. მის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილელთა ახალი თაობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- იოსელიანი ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 571.
- ბუხნიკაშვილი გ., „თეატრალური ქუთაისი“, თბილისი, 1976
- ანთაძე დ., „დღეები ახლო წარსულისა“ თბილისი, 1971
- ფაღავა ა., „ლადო მესხიშვილი“, თბილისი, 1969
- მაჭავარიანი შ., „ქართული საბჭოთა თეატრი“, თბილისი, 1966
- გერსამია ს., „ქუთაისის თეატრი“, თბილისი, 1947