დავით კობახიძე
დავით კობახიძე (დ. 4 მარტი, 1885, სამტრედია — გ. 5 მაისი, 1947, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1929).
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა რკინიგზის სასწავლებელში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიის კერძო კურსებზე. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო თეატრით; აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიის წარმოდგენებში. 1903 წელს შეეცადა რევოლუციური თატრალური ჯგუფის ჩამოყალიბებას; მართავდა წარმოდგენებს მუშებისათვის, დგამდა სოციალური შინაარსის პიესებს; თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნა რევოლუციური მიმართულების მოძრავი თეატრი - პროლეტარული მოგზაური დასის („დემოსის“) სახელწოდებით, რომელმაც 1920 წლამდე იარსება. 1923 წელს მისი ინიციატივით, შემოქმედებითი კადრების შექმნის მიზნით შეიქმნა ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე 1924 წელს გაიხსნა „პროლეტკულტის წითელი თეატრი“, რომელმაც 1926 წლამდე იარსება; აქ მან განახორციელა: ვერჰარნის „რიჟრაჟი“, სპექტაკლი „აჩრდილი დადის ევროპაში“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; 1929-1937 წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრს; 1933 წელს ჩამოაყალიბა თეატრი მესტიაში; იყო მთელი რიგი სარაიონო თეატრების ხელმძღვანელი; ბოლო წლებში აწყობდა მოძრავ ჯგუფებს კოლმეურნეობების კულტურული მომსახურების მიზნით; დაწერილი აქვს წიგნი „იატაკქვეშა თეატრი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565.
- ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.19