ალექსანდრე ჩხაიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხაიძე.

ალექსანდრე (შოშია) ვლადიმერის ძე ჩხაიძე (დ. 29 თებერვალი, 1924, ბათუმი — გ. 27 იანვარი, 1998, იქვე) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980), ღირსების ორდენის კავალერი. 1974-1998 აჭარის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ომის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და ფრონტზე წასულიყო. 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. ალექსანდრე ჩხაიძემ მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსთან.

1951-დან ბეჭდავს პირველ მოთხრობას — „მეგობრობა“ (საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის და რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კონკურსის პრემია), ხოლო 1955 პირველ წიგნს. მისი პიესების — „ხიდი“, „სამიდან ექვსამდე“, „როცა ქალაქს სძინავს“ — მიხედვით შექმნილია მხატვრული ფილმები. იყო ჟურნალისტთა, მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი.

ალექსანდრე ჩხაიძის პიესები დადგმულია საბჭოთა კავშირის 50-ზე მეტ თეატრში, საქართველოს ყველა თეატრში, ასევე უცხოურ სცენებზეც. მათ შორის, ბულგარეთში, პოლონეთში, ჩინეთში, გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში.

მისი მოთხრობების კრებულებია: „ზღვისპირა ქალაქში“, „როცა მთავრდება ბავშვობა“, „უძლეველი“, „ქალაქში ერთი ეზოა“, „ზღვა და ოთხი ქალიშვილი“, „ჩვენებურები“, „კვალი დედამიწაზე“. პიესები: „ხიდი“, „მომოვალ შეხვედრამდე“, „ზღაპარ იყო“, „შთამომავლობა“, „თავისუფალი თემა“ (სსრკ მწერალთა კავშირის და საკავშირო კომკავშირის ერთობლივი პრემია), „ჩინარის მანიფესტი“, „სამიდან ექვსამდე“, „მიკროფონი“, „როცა ქალაქს სძინავს“ (1981 საქართველოს სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, „ხუთწლიანი მატიანეს“ ლაურეატის საპატიო წოდება). იყო ჭოროხის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1983 წლის 25 თებერვალს მოსკოვში, ხელოვნების მუშაკთა სახლში 60 წლისთავი აღნიშნეს.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება