მარიამ დადიანი-ანჩაბაძე
მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე (დ. 18 დეკემბერი, 1870, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 28 დეკემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე. ნიკოლოზ დადიანის შვილი, შალვა დადიანის და.
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიამსა და მის ძმას, შალვა დადიანს, დედის ადრე გარდაცვალების გამო მამა ნიკო დადიანი ზრდიდა, რომელმაც შვილებს საშუალო განათლება ოჯახშივე მისცა ქართულ და ფრანგულ ენებზე.
ცოლად გაჰყვა რუსეთის არმიის ოფიცერს და აფხაზ საზოგადო მოღვაწეს, თარაშ (ტარას) ანჩაბაძეს. შემდგომ, იგი აქტიურად ჩაერთო სოხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. სწორედ, რომ მარიამ ანჩაბაძის ინიციატივით, 1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება ჩამოყალიბდა, რომლის გამგეობასაც წლების მანძილზე იგი უცვლელად თავმჯდომარეობდა მის გაუქმებამდე (1926). აღნიშნულმა საზოგადოებამ 1910 წელს სოხუმში ქართული სკოლა დააარსა. მარიამ ანჩაბაძის დაუღალავი მცდელობის და შრომის შედეგია, რომ მან 1900 წლიდან რუსებს სამოქალაქო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა. მარიამ დადიანი ანჩაბაძე სოხუმში ცხოვრების დროს არაერთ ცნობილ აფხაზ და ქართველ მოღვაწესთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის: გიორგი შარვაშიძესთან, თედო სახოკიასთან, სპირიდონ ნორაკიძესთან, ივანე გეგიასთან და სხვა.
მარიამის ხელშეწყობით, სოხუმში ადგილობრივი ძალებით წარმოდგენები და საღამოები იმართებოდა, ხოლო თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან თანამშრომლობით, პერიოდულად ქართული სპექტაკლები იდგმებოდა. აღნიშნული ღონისძიებებიდან შემოსული თანხები კი ხშირ შემთხვეავში ისევ საზოგადოებრივ აქტივობებს ხმარდებოდა. 1914 ჩამოყალიბდა აფხაზურ-ქართული ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი ძ. ლოლუას ხელმძღვანელობით.მარიამ ანჩაბაძის სიტყვით:
„უზენაესის განგებისგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს. ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი, მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აღკრძალული ჰქონდათ შესვლა....დღეს კი თვით ეხლანდელი რევოლუციაც, რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლო ზუნგიც არ გამოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადათ როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა, მხოლოდ, როგორც მორწმუნე ქალს ტრადიციით შეუძლებლად მიმაჩნია ქალი ეკურთხოს მღვდლათ, ან ხელდასხმული იქმნეს მღვდელმთავრად და საზოგადოთ აღასრულოს ღვთის მსახურება, რადგან დღევანდელი ჩვენი რწმენის მიხედვით მღვდელი და მღვდელმთავარნი არიან ქრისტესა და მოციქულების მაგიერნი და მამაკაცთ უფრო შეჰფერით მათი.[1]“
|
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანჩაბაძე მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1917-1921 წლებში იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ #27, 19 ოქტომბერი, 1917. სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს, 1917.
- ↑ ანჩაბაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 256.