დავით II (იმერეთის მეფე)
დავით II (დ. 1755 — გ. 11 იანვარი, 1795) — იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში, გიორგი VII-ს ძე, სოლომონ I-ს ბიძაშვილი.
დავით II | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
კორონაცია: | ძვ. სტ. 26 აპრილი (ახ. სტ. 9 მაისი) |
მმართ. დასაწყისი: | 1784 |
მმართ. დასასრული: | 1789 |
წინამორბედი: | სოლომონ I |
მემკვიდრე: | სოლომონ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1755 |
გარდ. თარიღი: | 11 იანვარი, 1795 |
გარდ. ადგილი: | ახალციხის საფაშო |
მეუღლე: | ანა მამუკას ასული ორბელიანი (ანა-მათე) |
დინასტია: | იმერეთის ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი VII |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგამეფება და მმართველობის პირველი წელი
რედაქტირებადავითი გამეფებისას 29 წლისა იყო. სოლომონ I–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და 1784 წლის თავი მეფედ გამოაცხადა და 26 აპრილს (ახ. სტ. 8 მაისი) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. დავით მეფე ცდილობდა, დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა. ამის გამო პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მეფეს განუდგნენ. მათ იმთავითვე სურდათ დავით არჩილის ძის გამეფება, მაგრამ დაავით მეფეს კაცია დადიანი შეეწია და ოდიშიდან განდგომილების დასამარცხელბლად ჯარი გაგზავნა მისი ძმის გიორგის მეთაურობით. მათ ბერი წულუკიძეს ქარჩხას სასახლე გადაუწვეს და თუ სადმე ნახეს მეფის ორგული, ყველა იმერეთიდან გააძევეს. შემდეგ გადავიდნენ რაჭას და ისინიც დაიმორჩილეს.
ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი მაინც არ ნებდებოდნენ, მათ შემოიკრიბეს ლეკთა ჯარი და რაჭაში მიიმხრეს იმერ რაჭველნი. დავით მეფემ შველისათვის კვლავ კაცია დადიანს მიმართა. მან კვლავინდებურად ოდიშიდან ჯარი დაახმარა, გაყარეს იმერეთიდან ლეკები, პაპუნა წერეთელი დაჭრეს და აჯანყებულები დაამარცხეს.
დავითმა 1784 წელს თავი მეფედ გამოაცხადა და 26 აპრილს (ახ. სტ. 8 მაისი) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში, დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო.
ოსმალეთის პრეტენზიები და რუსეთის როლი
რედაქტირებაიმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს, სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი („ქიორ–ბეიდ“ – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე. თუმცა, თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა; 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა.
1784–1786 წლებში ქუჩუკ–კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია. 1787 წელს დავითმა საჯავახო გურიელს დაუმტკიცა.[1]
კონფლიქტი ოდიშის მთავართან და მეფობის დასასრული
რედაქტირება1788 წელს კაცია დადიანმა სიცოცხლის ბოლოს მოიწვია დავით მეფე და მის მცირეწლოვან ვაჟებზე ზრუნვა მიანდო. კაცია დადიანი მალევე გარდაიცვალა, ხოლო სამეგრელოში მისი 18 წლის ვაჟი – გრიგოლი გამთავრდა. კაცია დადიანის გარდაცვალებიდან დავით მეფემ მალევე დაივიწყა მიცემული პირობა და ორი თვის შემდეგ შთამომავალთა სიჭაბუკის მიზეზით გადაწყვიტა სამეგრელოზე გაბატონება. იგი შეიჭრა სამეგრელოში, გადაიბირა გრიგოლის ძმა მანუჩარი, ხოლო გრიგოლმა თავს ლეჩხუმში გაქცევით უშველა. ამ ყველაფრის შემხედვარე შეიკრიბნენ სამეგრელოს სამთავროს დიდებულნი: კაცია დადიანის ძმა გიორგი, ბიძაშვილი — გიორგი კაცოს ძე და ძმის-წული — გიორგი ნიკოლოზის ძე, ასევე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, სამეგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და ქართლიდან ჩამოიყვანეს ჯერ კიდევ ჭაბუკი სოლომონ მეფის ძმის-წული დავით არჩილის ძე და ლეჩხუმში მურის სასახლეში დააქორწინეს გრიგოლ დადიანის და მარიამზე[2].
დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლე II–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. 1789 წლის 11 ივლისს, ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა სოფელ მათხოჯთან ბრძოლაში დავით II დაამარცხა. იგი ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს ახალციხეში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, სოლომონ II–ს სახელით.
ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და გარდაცვალება
რედაქტირება1790 წელს დავით II ახალციხის ფაშის და ლევან აბაშიძის დახმარებით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაუფლება, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1791 წელს დავით II, ერეკლე II–ის შუამდგომლობით, იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. 1792 და 1794 წლებში, ლეკთა ჯარისა და მომხრე დიდებულთა დახმარებით, იგი კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც 1795 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 333.
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 56-60.
- ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს–ის პირველ ნახევარში, სინ, ტ. IV, თბ., 1973
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789–1802 წლებში, თბ., 1962
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. II, თბ., 1960
- ალ. ხახანაშვილი, მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1910
- მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975
- David Marshall Lang, The Last Years of the Georgian Monarchy, 1658-1832. New York: Columbia University Press, 1957.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: სოლომონ I |
იმერეთის მეფე 1784 - 1789 |
შემდეგი: სოლომონ II |