შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

შერიფ-ბეგი, შერიფ ხიმშიაშვილი (დ. 1829 — გ. 1892, პეტერბურგი) — დიდი თავადი, ზემო აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, საზოგადო მოღვაწე, აჰმედ-ფაშას ძე. ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ შორის ყველაზე ძლიერი შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მტკიცედ ადგა რუსეთის ორიენტაციას და აჭარის საქართველოსთან შეერთების გზას.

შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი

მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ აჭარელ ბეგებს უფლებები შეუმცირა, ბეგებმა დაიწყეს რუსეთისაკენ ლტოლვა იმ იმედით, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი თავადები უფრო დაწინაურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შერიფ-ბეგი, განსაკუთრებით ხელს უწყობდა რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. მან რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომის დროს ზემო-აჭარის მთავარმა, ოსმალეთს ზურგი აქცია და რუსეთს ერთგულება გამოუცხადა და როგორც გავლენიანმა პირმა, რუსეთის ჯარს დიდად გაუადვილა ამ აჭარის შემოერთება. მისი ეს დამსახურება უყურადღებოდ არ დარჩა რუსეთის მთავრობის მხრიდან და როდესაც 1880 წელს პეტერბურგში ჩავიდა რუსეთის იმპერატორმა მიიღო სიტყვებით: „არ დავივიწყებ ომის დროს შენს მიერ გაწეულ სამსახურსო“. ამ დროს შერიფ-ბეგი რუსის სახელმწიფო სამსახურში შტაბ-ოფიცრის ხარისით იყო. დაენიშნა პენსია მისი ხარისხის შესაფერისი. თანაც გამოეცხადა, რომ „თუ ვინიცობაა, აჭარა ისევ ოსმალთ დარჩა და თქვენ იძულებულ იქმენით აქაურობა დატოვოთ, მაშინ რაც ამ მხარეში მამული გაქვთ, იმდენივე მამული მოგეცემათ რუსეთის იმპერიაში“. შერიფ-ბეგის მამული იყო: ყარსის ოლქში 400 დესეტინა საშენი ტყე, შიგ ყარსშივე სავაყუფო (მეჩეთებისათვის შეწირული), დუქნები, აჭარის სავაყუფო (საეკლესიო), სოფლები: ხულო, დიდაჭარა, დოსხევი, ალმე და საზაფხულო საძოვრები. ყოველივე ამას ოსმალეთის სულთნების ფირმანებით და ქართველ მეფეთა მიერ ბოძებულ გუჯარებით ფლობდნენ შერიფ-ბეგის წინაპარნი და როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე, ფლობდა აგრეთვე შერიფ ბეგიც.

აჭარა რუსეთმა დაიპყრო თუ არა, რუსეთის მთავრობის წინაშე სარჩელი აღძრა შერიფ-ბეგმა — ჩემი მამულები რუსეთის კანონის თანახმად დამიმტკიცეთო. იმავე ხანებში კომისია შედგა ახლად შემოერთებული ტერიტორიის სამამულო კითხვათა გამოსაკვლევად. 1883 წელს ამ კომისიამ, განიხილა აჭარის სამამულო საქმეებიც და დაადგინა: აჭარის ყველა მამულები ოსმალების ხელში სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა და მაშასადამე ახლაც სახელმწიფო ქონებად უნდა დარჩესო. შერიფ-ბეგის საკუთრებად მარტო 16 დესეტინა მიწა ცნეს. 1889 წელს მთავრობას თავიდან მიმართა თხოვნით თავისი მამულების შესახებ, მაგრამ 1892 წელს გენერალ-მაიორის ხარისხით გარდაიცვალა ისე რომ სიცოცხლეში არაფერს არ მოსწრებია.

შერიფ-ბეგი პეტერბურგში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი შვილებმა აჭარაში სოფელ ქოჩახში გადმოასვენეს.

შერიფ ბეგს დიდი ოჯახი ჰყავდა. დარჩა 20 შვილი (11 ვაჟი და 9 ქალი).

ძეები: 1) აბას ბეგი, მილიციის მაიორი (გ. 1890), 2) მურთაზ-ბეგი (გ. 1876, ხულოში), 3) ისა-ბეგი, მილიციის მაიორი, ახალციხის მაზრის დისტანციის უფროსი, 4) ჯემალ-ბეგი არმიის კავალერიის როტმისტრი, 5) ზექერია-ბეგი, 6) თემურ-ბეგი, 7) ყაია-ბეგი, 8) მუსტაფა-ბეგი, 9) ჰაშიშ-ბეგი, 10) ჯაფარ-ბეგი, 11) იზეთ-ბეგი.

ქალიშვილები: 1) ილდიზ-ხანუმა (გათხოვდა სტამბოლში), 2) ნიზამა-ხანუმა (შავშეთში გათხოვდა ნური-ბეგ ხიმშიაშვილზე), 3) ზეინაბ-ხანუმი (შავშეთში გათხოვდა), 4) სონა-ბატი (ბატი, ე. ი. ბატონი), 5) ვერა-ბატი, 6) ასია-ბატი, 7) ნეუ-ჰიბა-ბატი, 8) სარა-ბატი, 9) ფატიმა ბატი.

ზოგიერთი ცნობით შერიფ-ბეგი პეტერბურგში მის ორ ვაჟთან (ისა-ბეგი და ჯემალ-ბეგი) ერთად ქრისტიანულად მოინათლა.

შერიფ ბეგის ყველაზე ახალგაზრდა მეუღლე, რუსეთის მეფე ალექსანდრე III მეუღლის, მარია ფეოდოროვნას ბიძაშვილი იყო. მარია ფეოდოროვნა კი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას და იყო. გერმანელი მეუღლისაგან შეეძინა ქალიშვილი — ვერა-ბატი, რომელიც 1890 წელს იონა მეუნარგიას მოანათვლინა. ისინი სხალთაში არიან დასაფლავებულნი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სახოკია თ., მოგზაურობანი, თბ., 1985, გვ. 273-374
  • კომახიძე თ., დუდი-ხანუმ ბეჟანიძე და ძე მისი - შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი, ბათუმი, 2002
  • დიასამიძე, ა., გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის დაუვიწყარი ღვაწლი, საისტორიო ვერტიკალები, ტ. 24, თბ., 2012, გვ. 301-312
  • ფუტკარაძე, შ., სამშობლოს ჭეშმარიტი ჭირისუფალი - შერიფ ბეგ (ალექსანდრე) ხიმშიაშვილი, გამონათლევი : სამეცნიერო და მხატვრულ-პუბლიცისტური წერილების კრებული 1, ბათუმი, 2014, გვ. 203-211
  • ქასაბი მურად, შერიფ ფაშა (ხიმშიაშვილი) // ოსმალეთის ქართველები, სტამბოლი, 2012, გვ. 153