აკეთის მაცხოვარი
აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში.
აკეთის მაცხოვარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°01′00″ ჩ. გ. 42°05′11″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 42.08639° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქვემო აკეთი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | შემოქმედის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გუმბათოვანი ეკლესია |
დეტალები
|
მდებარეობა
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა შენაკადის, აცაურას ნაპირას, ოდნავ შემაღლებულ ბაქანზე. შემოვლებული აქვს ქვის გალავანი.
ისტორია
რედაქტირებააკეთის ეკლესია იყო დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას საკათოლიკოსო სადგომი. ის აფხაზთა კათალიკოსს დიმიტრი და სვიმონ გურიელებმა შესწირეს, რითაც აკეთის მაცხოვარი თავისი ადგილ-მამულებით ბიჭვინთის საპატრიარქო კათედრის საკუთრებაში გადავიდა. ამის შემდეგ აკეთი თავად ართმელაძეების ხელში გადავიდა. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ის კვლავ აფხაზთა კათალიკოსს შესწირა.
ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ, 1772-76 წლებში აკეთში დასახლდნენ ქვემო გურიიდან დევნილი თავდგირიძეები, რომლებსაც გურიის მთავარმა აკეთი უბოძა. მამუკა თავდგირიძემ, გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს ტაძარი მათ აქ სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.
1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც გურიის სოფლებში მოგზაურობდა, მხოლოდ გუბათზე შემორჩენილი ფრესკების ნახვა მოახერხა. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. ბოლო ძარცვისას გამტაცებლებს წაასწრეს და ნივთები დაატოვებინეს. XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. 1986 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურმა მიიღო ეკლესიის რესტავრაციის გადაწყვეტილება, გაიწმინდა ნაგებობა, გადაეწყო და დახარისხდა ქვები, მოიხსნა ზედმეტი მიწა, მაგრამ 90-იან წლებში სამუშაოები შეწყდა. ეკლესიის რეკონსტრუქცია მოხდა 2010-იან წლებში.
ლეგენდა
რედაქტირებახალხური ზეპირგადმოცემის მიხედვით თამარ მეფეს საბერძნეთიდან დაუბარებია ოსტატები, რომლებსაც მიუღიათ ბრძანება ორი ეკლესიის აშენების შესახებ. ერთი უნდა აეშენებინათ სოფელ აცანაში (ოქონის მონასტერი) და მეორე სოფელ აკეთში. ამის შემდეგ ოსტატი შესდგომია აცანის ეკლესიის აშენებას, ხოლო აკეთის ეკლესიის აშენება კი მიუნდვია თავისი შეგირდისათვის. მეფის დანიშნულს ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებიათ, და შეგირდსვე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ლეგენდა არსებობს შემოქმედისა და გორისფერდის ეკლესიებთან დაკავშირებით.
არქიტექტურა
რედაქტირებაეკლესია ჯვრის ფორმისაა და სამწახნაგოვანი საკურთხეველი აქვს. ჰქონდა რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომელშიც დატანებული იყო რვა ვიწრო სარკმელი. ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ეგვტერი და ნაგებია ტლანქად გათლილი ქვით.
ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ კედლები თავისი შესასვლელებით და სამრეკლო, რომელიც ეკლესიის კედელზეა დაშენებული, კიბე შიგნიდან ადის. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ორნამენტებიანი რელიეფი, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი.
ეკლესიის იატაკი ფილაქნის იყო, კანკელი კი ქვის, ჩუქურთმიანი. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე ნაპოვნია წარწერა: „... აშენდა მეფობასა შინა... ბრძანებითა მისისა... ჩრ... წელს”. ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე კი ნაპოვნია ბერძნული წარწერა.
ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებდა იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, მარეხ მაჭუტაძეს. ასევე შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებული იყო მირზაბეგ თავდგირიძე.
ეკლესიაში დაკრძალულია ტაძრის აღმდგენელი გიორგი თავდგირიძე მეუღლითურთ.
გალერეა
რედაქტირება-
ეკლესია რეკონსტრუქციამდე
-
ჩრდილოეთის ფასადი
-
ძველი საფლავი ეკლესიის ეზოში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 79-80, ISBN 99940-11-89-8.
- ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]]. — გვ. 203-205.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9002