გორისფერდი
გორისფერდი, გორისგვერდი — მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოში, სოფელ შემოქმედში, ამჟამად დანგრეული.
გორისფერდი | |
გორისფერდის ეკლესიის ნანგრევები | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | შემოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | შემოქმედის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გუმბათოვანი ეკლესია |
მდებარეობა
რედაქტირებაგორისფერდის ეკლესია მდებარეობს შემოქმედის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ ბორცვზე, მდინარე აკიშას მარჯვენა სანაპიროზე. ბორცვი ერთიან კლდოვან მასას წარმოადგენს და ძალზე ძნელი მისადგომია. ბორცვი შემოზღუდული იყო ქვის გალავნით. გალავნის შიგა ტერიტორია 700-მდე კვადრატული მეტრი ფართობისაა.
ეკლესიიდან ორი კილომეტრის დაცილებით იყო ქვის სამტეხლო, სადაც მრავლად მოიპოვება ფეუზიური ქანი, მომწვანო-ნაცრისფერი პორფირიტი, რომლითაც აგებულია არა მხოლოდ გორისფერდი და შემოქმედის ეკლესია, არამედ გურიის მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებიც.
ისტორია და არქიტექტურა
რედაქტირებაგორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. იგი წმინდა გიორგის სახელობის იყო. გორისფერდის სამრევლოში 45-დან 60-მდე კომლი შედიოდა. გორისფერდის ეკლესიის ნანგრევებს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე შემოქმედის მონასტრის აღწერისას, მაგრამ მას პირადად არ მოუნახულებია და აღუწერია გორისფერდის ნაშთები.
ეკლესია თავდაპირველად ქვით იყო აგებული. ნანგრევების მიხედვით, ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო, ლამაზი რელიეფებითა და ორნამენტებით შეკრული. 1897 წელს კი აქ უკვე ხის ეკლესია იდგა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ეკლესიის სამლოცველოს ჰქონდა ხუთწახნაგოვანი აფსიდი. იატაკი მოპირკეთებული იყო ლურჯი ფერის ბრტყელი ქვებით. ნანგრევებში ყურადრებას იპყრობს მაღალი ტექნიკური ხერხებითა და ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმათა წნულები და ორნამენტები, რომლითაც შესრულებულია ტაძრის ფრიზები, კაპიტელები, სვეტის ტავები, ფრონტონის ნაშთები და გუმბათის ყელები. ამ ქვებით თაყაიშვილი ვარაუდობდა, რომ გორისფერდის ეკლესია არქიტექტურით საუკეთესო იყო მთელ გურიაში. 1811 წელს მის ადგილას ხის ეკლესია ააშენეს, რომელიც, ასევე, არ შემორჩენილა.
ეკლესიის ირგვლივ იყო მასიური და ბრტყელი ჯვრიანი ქვებით დახურული ძველი სამარხები. შემორჩენილია იატაკი და კუთხის ქვები. გორისფერდის ეკლესიის გადარჩენილი ქვები დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
ლეგენდები
რედაქტირებაგორისფედთან დაკავშირებით არსებობს ძველ საქართველოში პოპულაურლი ლეგენდა, რომლის სიუჟეტი ხუროთმოძღვრისთვის მარჯვენა ხელის მოჭრაზეა აგებული. ლეგენდა იმაში მდგომარეობს, რომ ოსტატი და მისი შეგირდი ერთროულად ორ ეკლესიას აშენბდნენ. ოსტატი შემოქმედის ეკლესიას, ხოლო შეგირდი - გორისფერდისას. რაკიღა შეგირდის ნამუშევარმა ოსტატისას აჯობა, განაწყენებულმა ოსტატმა შეგირდს მარჯვენა ხელი მოჭრა. ასეთივე ლეგენდა არსებობს აკეთის მაცხოვარისა და ოქონას აშენების შესახებ.
არსებობს მეორე ლეგენდაც, რომლის მიხედვით შემოქმედისა და გორისფერდის ტაძრები ერთდროულად შენდებოდა. ოსტატი შემოქმედის ეკლესიას, ხოლო შეგირდი - გორისფერდისას აგებდა. ოსტატი რომ ერთ ქვას აღმართავდა, შეგირდსაც იგივე უნდა გაემეორებინა, მაგრამ შეგირდმა გადაწყვიტა ოსტატი დაეჯაბნა და უფრო სწრაფაად დაიწყო შენება. ამის გამო გორისფერდის ეკლესია უფრო ადრე აშენდა, ვიდრე შემოქმედისა. ოსტატმა დაწყევლა შეგირდი. სიჩქარით ნაშენი ეკლესია დაინგრა: „გორისფერდი ინგრეოდა, შემოქმედი შენდებოდა“.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, 79, ISBN 99940-11-89-8.
- „მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 63
- თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 34-36.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10008