ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი ქალაქ ოზურგეთში. ის ყველაზე ძველი მუზეუმია გურიის შვიდ მუზეუმს შორის.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
41°55′21″ ჩ. გ. 42°00′18″ ა. გ. / 41.92256000° ჩ. გ. 42.00507000° ა. გ. / 41.92256000; 42.00507000
დაარსდა 1 აპრილი, 1936; 88 წლის წინ (1936-04-01)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ოზურგეთი
სტატუსი ისტორიული
ექსპონატი 5,145
ვიზიტორები 612
დირექტორი გოგა ტრაპაიძე
ოფიციალური საიტი [georgianmuseums.ge georgianmuseums.ge]
Map

ისტორია რედაქტირება

გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი რედაქტირება

1923-1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ათეისტურმა პროპაგანდამ და ანტირელიგიურმა მოძრაობამ, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს საგანგებო დადგენილებით მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები – ეკლესიები, მონასტრები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები. განათლების სახალხო კომისარიატმა ისტორიული ძეგლების აღსაღრიცხად და გადასარჩენად მაზრებში გაგზავნა სპეციალური ბრიგადები. ამ დროისათვის უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია. ლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ეტრატის ხელნაწერის ნაწილი, ზოგ ეკლესიაში შემორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.

1924 წლის აპრილში გურიაში ჩავიდნენ აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი. მათი ჩასვლისას ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ძირითადი ნაწილი გატანილი იყო ეკლესია-მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში. შანიძემ და ამირანაშვილმა მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ნახეს და აღწერეს გურიის სხვადასხვა სოფლებიდან მოტანილი ნივთები. შანიძემ და ამირანაშვილმა აღნიშნეს რა იყო განადგურებული და რაც გადარჩა თბილისში წაიღეს. აკაკი შანიძის ინიციატივით 1924 წლის აპრილშივე ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი, რომლის ამოცანად დაისახა ეთნოგრაფიული მასალების შეკრება, დაცვა და ხელოვნების ძეგლთა მოვლა-პატრონობა. მუზეუმის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი ძველი ნაბეჭდი წიგნი. საეთნოგრაფიო მუზეუმის შემდგომი ბედი უცნობია.

მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რედაქტირება

1936 წელს მახარაძის რაიონის ხელმძღვანელობის წინაშე დაისვა საკითხი შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, ეთხოვა ფილიპე მახარაძეს ეშუმდგომლა მთავრობის წინაშე მახარაძეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.

1936 წლის 1 აპრილს წითელგვარდიელთა და პარტიზანთა საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები: კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები სულ 200 ცალი სამუზეუმო ნივთი. მუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ჟდანოვის ქუჩაზე (ქალაქის საბჭოს შენობაში), შემდეგ გადაიტანეს გურიის გამზირზე არსებულ შენობაში, სადაც გამოეყო 402 კვ ფართობი და მთლიანად დაეთმო შენობის მეორე სართული. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია,რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. დიდი სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ხოლო ომის შემდგომ წლებში განახლდა. მუზეუმის ფონდები შეივსო ძვირფასი მატერიალური კულტურის ძეგლებით. შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.

1974 წელს მუზეუმი გადავიდა დიმიტრი გურიელის სასახლეში. 1977 წელს გაიხსნა საბჭოთა საზოგადოების ამსახველი ექსპოზიცია. 1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა, შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის განყოფილებები. 1989 წელს სალხინოს არქეოლოგიური ბაზიდან მუზეუმს გადაეცა ურეკი-წვერმაღალას სამაროვანზე 1974-1978 წლებში მოპოვებული ადრეული რკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები. 1991 წლის აპრილში მუზეუმმა კვლავ შეიცვალა ადგილმდებარეობა. ის განთავსდა ყოფილი მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შენობაში, რომელიც 1978-81 წლებში აშენდა.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი რედაქტირება

მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.[1]2008 წელს გაიხსნა ისტორიული მუზეუმის ფილიალი სოფელ გურიანთაში, 2009 წელს გაიხსნა ფილიალი, ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ დვაბზუში, ხოლო 2010 წელს ლიხაურში გაიხსნა კიდევ ერთი ფილიალი - ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

ექსპონატები რედაქტირება

მუზეუმში დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე, მათ შორისაა ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ურეკის განძის ნაწილი. აქვე ინახება ვაშნარის ნაქალაქრში აღმოჩენილი წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი.

მუზეუმში დაცულია ექადიის ტაძრის ასომთავრული წარწერა, რომელშიც გურიელთა მამამთავარი კახაბერ I გურიელი მოიხსენიება.

მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური კოლექციიდან აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარ მეფის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის, სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა, 144 მონეტა ოზურგეთის განძიდან, ცხემლისხიდში აღმოჩენილი 10 პოლონური ვერცხლის მონეტა.

გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია ეთნოგრაფიული (XIX საუკუნის სამუშაო და საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6 ათასზე მეტი ექსპონატია, მათ შორისაა ფრანგული დაშნა მიურატებისა[2], 1841 წლის აჯანყების მეთაურის, ამბაკო შალიკაშვილის ხმალი. „ყამა“ ხმალი სიგრძით 60 სმ-ია, პირის სიგანე — 5 სმ. ვადა 10 სმ-ისა, შავი ფერის, ძვლით შემკული. ხმალი მუზეუმმა 1925 წელს შეიძინა. მუზეუმში ასევე დაცულია ამავე აჯანყების დროინდელი საბრძოლო ბუკი.

საკონტაქტო ინფორმაცია რედაქტირება

  • მისამართი: გიორგი ჭანტურიას ქუჩა N1, ოზურგეთი, 3500
  • ტელეფონი: (+995 496) 275827; 599196892
  • ელ-ფოსტა: ozurgetimuseum@gmail.com
  • მუშაობს ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, შესვლა უფასოა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ისტორიული მუზეუმი ოზურგეთში. Presa.ge (22 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2018.
  2. გაზეთი ალიონი N4 2019 წ.