მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე

მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე (დ. 1864, ჩურუქ-სუ — გ. 31 ივლისი, 1931) — ქართული წარმოშობის თურქი სამხედრო პირი.

მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე
დაბადების თარიღი 1864
დაბადების ადგილი ქობულეთი
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 1931
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები ბალკანეთის ომები

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავდგირიძეები სამხრეთ საქართველოში მკვიდრობდნენ. წერილობით წყაროებში იხსენიებიან XIV საუკუნიდან (ზოგჯერ თავდირიძე, თაქთირიძე). ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ თავდგირიძეების საგვარეულო საქართველოს სხვა მხარეებში (ქართლი, იმერეთი, გურია) გაიფანტა. გიორგი III გურიელმა თავდგირიძეებს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული. XVII საუკუნეში თავდგირიძეებს გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესის სახელო ეკავათ. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე თავდგირიძეების ერთი შტო გონიის სანჯაყს განაგებდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ქობულეთის სარდალ-მოურავი მამუკა თავდგირიძე (სოლომონ I-ის სიძე) აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა ცოლ-შვილითა და ამალით საჯავახოში გადავიდა. მისი ვაჟი, მაქსიმე, გამაჰმადიანდა, სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს.

მაჰმუდ ფაშა დაიბადა ჩურუქ-სუში (ახლ. ქ. ქობულეთი) ჰუსეინ-ბეი თავდგირიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება ქობულეთში მიიღო. 1874 წელს სტამბოლში ჩავიდა და ჩაირიცხა ქულელის საშუალო სამხედრო სასწავლებელში. 1887 წელს კი სამეფო სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა, უფროსი ლეიტენანტის წოდებით. 1888 წელს, სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, შტაბს-კაპიტნის წოდება მიანიჭეს და გაანაწილეს ოსმალეთის გენერალურ შტაბში. მონაწილეობდა კრეტის ამბოხების ჩახშობაში, შემდეგ კი საბერძნეთის საზღვარზე სადაზვერვო ჯგუფს შეუერთდა. 1891 წელს მაიორის წოდება მიიღო და ჰიჯაზის სამხედრო დივიზიის განკარგულებაში გადავიდა. ამ პერიოდში ჯერ ჰალების სარეზერვო დივიზიის შტაბის უფროსის, შემდეგ კი დამასკოში დისლოცირებული მეხუთე არმიის შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობებზე იმყოფებოდა. აქვე მიიღო ვიცეპოლკოვნიკის წოდება. 1896 წელს დრუზების აჯანყების ჩახშობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ იგი სტამბოლში, გენერალურ შტაბში დააბრუნეს. 1897 წელს მონაწილეობდა საბერძნეთთან ომში. შემდეგ კი ჯერ ალასონიის არმიის მე-5 დივიზიის სარდლად, მოგვიანებით კი თესალიის რკინიგზის კომისრად დაინიშნა. 1899 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და კეთილმოწყობის სამინისტროში სამხედრო წარმომადგენლად დაიწყო მუშაობა.

1901 წელს სულთან აბდულჰამიდ II-ს წარუდგინეს პოლიციის უსაფუძვლო პატაკები სტამბოლში მყოფი ქართველების ტახტის მემკვიდრესთან კავშირის თაობაზე, რის საფუძველზეც მაჰმუდ-ფაშა და მისი ნათესავები ჰალებში გადაასახლეს. კონსტიტუციის აღდგენის შემდეგ იგი სტამბოლში დაბრუნდა, გენერალური შტაბის პირველი განყოფილების დირექტორად დაინიშნა და ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო. ცოტა ხანში გენერალური შტაბის მეორე უფროსად გადაიყვანეს. მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის არმიის მოდერნიზაციაში გერმანიის უმაღლესი სარდლობის ეგიდით. 1910 წელს ინგლისური არმიის საშემოდგომო მანევრებზე დასაკვირვებლად ინგლისში გაემგზავრა. დანიშნული იყო საზოგადოებრივ საქმიანობათა მინისტრად პოლიტიკურ პარტია „ერთიანობა და პროგრესში“. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 1911 წელს ტრიპოლიტანიის ომის დროს ამ მხარეში საბრძოლო მასალების გადასროლაში. 1912-1913 წლების ბალკანეთის ომების დროს მე-17 კორპუსის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ქირქქილისეს ბრძოლების დროს განადგურებული მე-3 კორპუსის გადარჩენილი ნაწილები შეკრიბა, მე-6 კორპუსთან ერთად პოზიციები გაამაგრა და ჯარის უკან დახევა შეაჩერა. ლულებურღაზის ბრძოლისას უკუაგდო ბულგარელების შეტევა, მაგრამ ორივე ფლანგის უკან დახევის გამო, ისიც იძულებული გახდა ჩათალჯას ხაზზე დაბრუნებულიყო. მუჰთარ-ფაშას დაჭრის შემდეგ მესამე კორპუსის სარდლად მაჰმუდ-ფაშა დაინიშნა.

1913 წლის 24 იანვრიდან 1914 წლის 9 მარტამდე მაჰმუდ შევკათ-ფაშას კაბინეტში საზღვაო მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1913 წლის 29 სექტემბერს ბულგარეთთან დადებულ სტამბოლის ხელშეკრულებას თურქეთის სახელით მან მოაწერა ხელი. ბალკანეთის ომებში გაწეული სამსახურისთვის დივიზიის გენერლის წოდება მიანიჭეს. 1914 წლის 14 მარტს სენატის წევრი გახდა. საიტ ჰალიმ-ფაშას კაბინეტში საზღვაო და კეთილმოწყობის მინისტრების პორტფელები ჩააბარეს. იგი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, მას მიაჩნდა, რომ ოსმალეთი მზად არ იყო ომისთვის, გადადგა და სამშობლოს მონახულების საბაბით ბათუმში გაემგზავრა. 1918-1919 წლებში, ოსმალეთის დამარცხების შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, ხელმძღვანელობდა კომისიას საზავო მოლაპარაკებებზე. 1919 წელს მხარი დაუჭირა სომხებს ტერიტორიული დათმობების საკითხებში, რამაც ათათურქის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

1919 წელს, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრაპიზონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. სტამბოლის ოკუპაციისა და დეპუტატთა კრების დათხოვნის შემდეგ, 1920 წლის 16 მარტს გენერალ მილნეს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და მალტაზე გადაასახლეს.

მაჰმუდ-ფაშას დაპატიმრება გააპროტესტა იტალიის უმაღლესმა კომისარმა, რომელმაც სტამბოლში ინგლისის უმაღლეს კომისარს სთხოვა მისი გათავისუფლება. თხოვნა შემდეგი მოტივებით იყო დასაბუთებული: „ქობულეთელი მაჰმუდ ფაშა კეთილმოწყობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ოსმალეთის იმპერიის ომში ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა. ომის მსვლელობისას სენატში „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის წევრებს აკრიტიკებდა და ამის გამო პენსიაში გაუშვეს. ზავის დადების შემდეგ „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის წევრებთან კავშირი არ დაუმყარებია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ ფრთასთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. მაჰმუდ-ფაშა არ მოიაზრება „საშიშ ნაციონალისტად“, თუმცა იგი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მაინც ამ ბრალდებით დააპატიმრეს“.

ადმირალმა დე რობეკმა იტალიის უმაღლეს კომისარს საპასუხოდ აცნობა, რომ მაჰმუდ-ფაშა დააპატიმრეს გენერალ მილნეს სამხედრო მოსაზრებების გამო და რომ იგი დაკავშირებული იყო სამშვიდობო შეთანხმების დადების მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციასთან. აუცილებელი იყო ამ ორგანიზაციის განადგურება. ამ მიმოწერის დროს მაჰმუდ-ფაშა უკვე მალტაზე იყო გადასახლებაში. ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოზბორნმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „შესაძლებელია მაჰმუდ ფაშა, როგორც იტალიის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, მართლა ეწინააღმდეგებოდა „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიას ომის პერიოდში, მაგრამ მკაცრმა სამშვიდობო პირობებმა მას ნაციონალისტებისკენ უბიძგა. ამიტომ მაისას ნათქვამი სარწმუნო არ არის“.

1921 წელს, რეპატრიაციის შემდეგ, მაჰმუდ-ფაშა გაათავისუფლეს. მცირე ხნით გერმანიაში გაემგზავრა. სტამბოლში დაბრუნებული დამად ფერით-ფაშას მთავრობის კაბინეტში შევიდა, მაგრამ მალე გადადგა.

მაჰმუდ ფაშამ იცოდა ფრანგული და გერმანული ენები, კარგად ერკვეოდა მათემატიკაში, ყოველთვის ადევნებდა თვალს ევროპაში გამოსულ სამხედრო, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ ნაწარმოებებს. იგი მარშალ ნური-ფაშას სიძე იყო. მის მეუღლეს ლამია ერქვა. ჰყავდა ორი ასული – ფაზილეთი და ფატმა მეზიეთი. ფაზილეთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ფატმა მეზიეთი ცოლად გაჰყვა ვალა ნურეთინ ბეის.

მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე (ქობულეთელი) 1931 წლის 31 ივლისს კიბოთი გარდაიცვალა. დაკრძალეს სტამბოლში, კარაჯაჰმედის სასაფლაოზე. ქაბათაშში მდებარე მის სასახლეში ერთხანს ბეიოღლუს ლიცეუმი იყო განთავსებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაჰმუდ ფაშა (ჩურუქსულუ (ქობულეთელი), თავდგირიძე), ოსმალეთის ქართველები, ურად ქასაბი, სტამბოლი, 2012., გვ. 100-102
  • მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე: გენერალ-ლეიტენანტი, სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი, მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი, თბ., 2015, გვ. 158

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება