ჰასან-ბეგ თავდგირიძე

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 30 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ჰასან-ბეგ თავდგირიძე (დ. ოზურგეთი, 1810 — გ. მაისი, 1854) — ქართველი დიდგვაროვანი, ოსმალეთის იმპერიაში ჩურუქ-სუს (ქობულეთი) მმართველი ბეგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამა იყო მემედი, რომელიც ოსმალეთის მიერ დანიშნული იყო ჩურუქ-სუს კაზის უფროსად. მფარველობდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰასან-ბეგი. ჰასან-ბეგმა კარგად იცოდა ქართული და საქართველოს ისტორია. ჰასან-ბგ თავდგირიძის ძმები იყვნენ საულ-ბეგი, ჰუსეინ-ბეგი და ისმალ ბეგი; ბიძები: ასლან და საიდა ბეგები. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ იმავე მიზეზით გადააყენა ჰასანი, რის გამოც მამაისი ქობულეთის სანჯაყი მის ძმას, სულეიმან ბეგს მისცა. ჰასან-ბეგს ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა გურიის სამთავროს გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში.

გურიის აჯანყება

რედაქტირება

ის აქტიურად ჩაერთო 1841 წლის გურიის აჯანყებაში საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.[1]თავდგირიძე ამარაგებდა აჯანყებულებს ტყვია-წამლით. მას ამაში ეხმარებოდა ინგლისის ვიცე-კონსული ფრედერიკ გარაჩინო, რომლის მხარდაჭერითად თავდგირიძე ტრაპიზონში ყიდულობდა და გურიაში გლეხებს აწოდებდა ტყვია-წამალს. არსებული გეგმის მიხედვით თავდგირიძე თავს უნდა დასხმოდა შეკვეთილის წმ. ნკოლოზის ციხე-სიმაგრეს სამხრეთიდან და შესულიყო გურიაში აჯანყებულების დასახმარებლად, მაგრამ პოლკოვნიკ ბრუსილოვისა და მაზრის უფროს იაცენკოს მოთხოვნით მან შეაჩერა მოქმედება და გაეთიშა აჯანყებულებს. ბრუსილოვი თავდგირიძეს სთხოვდა, გასულიყო გურიიდან და მაშინ რუსეთის ხელისუფლება ადვილად მოერეოდა აჯანყებულებს. ბრუსილოვმა ერზერუმის სერასქირსა და ტრაპიზონის ფაშასაც მიმართა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნეიტრალიტეტის დაცვის მოთხოვნით. თავდგირიძე იძულებული გახდა, ჩამოსცილებოდა აჯანყებას და უკან გამოეხმო სოფელ ქაქუთის მკვიდრთა ასეული.

აგვისტოს ბოლოს, როდესაც აჯანყებულებმა ოზურგეთს შეუტიეს, თავდგირიძე გადავიდა საზღვარზე და ძლიერი რაზმით ოზურგეთს ახლო დაბანაკდა. მართალია, რუსის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ აჯანყებულებს მუდამ ჰპირდებოდა ოზურგეთის წინააღმდეგ იერიშის დროს დახამრებას.[2]

ყირიმის ომი

რედაქტირება

მონაწილეობდა 1853-1856 წლებში ყირიმის ომში, გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია. 1853 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ის შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილთან ერთად 3 ათასიანი სახალხო ლაშქრით ჰასან-ბეგ თავდგირიძის იდგა ქაქუთთან. 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო შეკვეთილში წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოზე თავდასხმაში, რომელიც ოსმალეთის მარცხით დასრულდა. 1854 წლის მაისში მონაწილეობდა ნიგოითის ბრძოლაში. მოკლეს ბრძოლის დროს.

ჰასან-ბეგ თავდგირიძის დედინაცვალი იყო ფატმა დინდინე ხანუმი, ოსმან-ფაშა და ალი-ფაშა თავდგირიძეების დედა. დარჩა შვილი მურადი.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

ჰასან-ბეგ თავდგირიძე არის მნიშვნელოვანი პერსონაჟი ეგნატე ნინოშვილის ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიაში“. რომანის მიხედვით, თავდგირიძე არის გურული ხალხის საარაკო, პოპულარული გმირი, რომლის დასანახად ხალხი ავსებს გზის ნაპირებს. ის, ამავდროულად, ცბიერი პერსონაჟია, რომელიც გურულებს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას წააქეზებს და ტყვია-წამლით, თოფ-იარაღით, ჯარით და ფულით დახმარებას დაპირდება[3]

ნიგოითის ბრძოლის დროს თავდგირიძის სიკვდილის შესახებ შეიქმნა ხალხური სიმღერა „ხასანბეგურა“, რომელიც გავრცელებულია გურიასა და აჭარაში.[4]

ხასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი
თათრის ფაშობა იშოვნა სულ მთლად დაივიწყა ღმერთი
შეკვეთილში შემოვიდა იძახოდა ჰოლანგეთი
[ღენერალმა უოსტატა დაუტოვა ოზურგეთი]
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ მერე ჩვენ გვიყუროს ერთი
ჩვენ გახლავართ გურულები დავამარცხეთ შუხუთფერში
ჯარი სულ მთლად გავუწყვიტოთ მთხრობლად არ გაუშვათ ერთი
ხასანბეგი თავდგირიძე თავმოჭრილი დევინახე
რომ გევიგე თუ ვინ იყო, ვაი! მეთქი დევიძახე
წინა ღამით მან გადაგვწვა მით დაიგო ცუდი მახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. სიხარულიძე ი., „გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს“, ბათუმი, 1956. — გვ. 63.
  2. ხაჭაპურიძე, გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, ტფილისი: სახელგამი, 1931. — გვ. 56.
  3. ქართული პროზა, ტ. 15, თბილისი, 1988, გვ 19-20
  4. ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 441.